გია ბუღაძის გამოფენა „უფსკრული უფსკრულს გასძახის“ გაიხსნება

6 სექტემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გია ბუღაძის პერსონალური გამოფენა – ,,უფსკრული უფსკრულს გასძახის” გაიხსნება.
პროექტი ,,უფსკრული უფსკრულს გასძახის” ეყრდნობა 41-ე ფსალმუნის მე-7 მუხლის ერთ მნიშვნელოვან ფრაზას და გადმოგვცემს იმ დრამატიზმს, რომელიც შინაგანი და გარეგანი სამყაროს დაპირისპირებაში მდგომარეობს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა თემაზე შექმნილი ოთხი მხატვრული ციკლი: ,,ბიბლიოგრამა”, ,,თვლა”, ,,ანაბეჭდები” და საკუთრივ ,,უფსკრული უფსკრულს გასძახის”. ექსპოზიცია ასევე მოიცავს ინსტალაციას, რომლის ძირითადი კონცეფციაა წინააღმდეგობები – სიმპათიისა და ანტიპათიის, მიზიდვისა და განზიდვის, კითხვისა და პასუხის თემა. გამოფენა აერთიანებს სხვადასხვა მედიაში შესრულებულ კომპოზიციებს, რომლებშიც ხშირია სტილური პარალელები და ალეგორიულ-მეტაფორული ასოციაციები. არტისტი მიმართავს ციკლურობის, დისტანცირების, თემატური განშლისა და განზოგადების მეთოდებს, ბიოტექნოლოგიური ინსტალაციის ხერხებს.
პროექტი ,,უფსკრული უფსკრულს გასძახის” გაგრძელებაა პროექტისა “VICTIMA I”, “VICTIMA II”, რომელიც დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 2014 წელს იყო წარმოდგენილი.
გამოფენა ,,უფსკრული უფსკრულს გასძახის” 26 სექტემბრამდე გაგრძელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები