ოზურგეთში შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი მიმდინარეობს
1-2 სექტემბერს ოზურგეთში შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი დაიწყო. ფესტივალი წელს პირველად Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება და მას გურია მასპინძლობს.
საფესტივალო ღონისძიებები ქალაქ ოზურგეთში მიმდინარეობს. ჭადრების ბაღი შვეიცარიის, იტალიის, თურქეთის, სომხეთისა და საქართველოს ფოკლორული ანსამბლების კონცერტს და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს.
3 სექტემბერს, 20 საათზე კი, ფესტივალი შეკვეთილში, ახლად გახსნილ საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ზე გალა კონცერტით დაიხურება.
ფესტივალში მონაწილეობენ საქართველოს, იტალიის, შვეიცარიის, სომხეთისა და თურქეთის ანსამბლები. დიდ ქართულ სცენაზე 4 ქვეყანა, 24 ანსამბლი და 400-მდე მონაწილე ქართველი და უცხოელი მსმენელის წინაშე ფოლკლორის უნიკალური ნიმუშებით წარდგება.
ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და Black Sea Arena-ს მხარდაჭერით იმართება.
1-ელ სექტემბერს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართება. შეხვედრას დაესწრნენ და მედიას ფესტივალის დეტალები გააცნეს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ, ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ, ოზურგეთის გამგებელმა მერაბ ჭანუკვაძემ და გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ.