რა დაჯდა პრეზიდენტის ვიზიტი რიოში? – მარგველაშვილი სააკაშვილის ბრძანებულებით მოქმედებს

საჯარო ინფორმაციის გაცემისას, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ მიღებული ბრძანებულებით ხელმძღვანელობს.
როგორც „აიპრესს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, სამივლინებო ხარჯების დათვლა ვიზიტის დასრულებიდან 60 დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს. ადმინისტრაციიდან მოწერილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ საკითხს საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულება არეგულირებს.
2005 წელს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო, რომელსაც არასამთავრობო სექტორი მუდმივად აკრიტიკებდა, რომ ხშირ შემთხვევაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია საჯარო ინფორმაციას არ გასცემდა. თუმცა, ბრძანებულება, რომელიც საჯარო ინფორმაციის გაცემას აყოვნებს, დღესაც მოქმედებს.
იურისტი ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ ეს არის ნორმატიული აქტი, რომელიც დღესაც მოქმედებს. მისი შეფასებით, რთული ფინანსური პრცედურებიდან გამომდინარე, ის მიზანშეწონილია. რაც შეეხება 60-დღიან ვადას, მისი აზრით, ეს დავისა და კამათის თემაა.
„პრეზიდენტის 2005 წლის ბრძანებულება დღესაც მოქმედია და ამით მოქმედებენ მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის – მარგველაშვილი, კვირიკაშვილი, უსუფაშვილი, კალაძე და ა.შ. მოგვწონს ეს თუ არა, ეს არის მოქმედი ნორმატიული აქტი, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი აწერს ხელს. ამას გარდა, სხვა არაერთი ნორმატიული აქტია, რომელსაც, ზოგს სააკაშვილი აწერს ხელს და შევარდნაძის დროს მიღებული ნორმატიული აქტებიც მოქმედებს.
თუ ამ 60-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ დაასრულებს მის დამუშავებას, მაშინ შესაძლოა, არა მხოლოდ საჯარო ინფორმაციის გაუცემლობასთან გვქონდეს საქმე, არამედ – ბუღალტრული წესების დარღვევასთან, რომელსაც შესაძლოა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაც მოჰყვეს“, – განუცხადა ლევან ალაფიშვილმა „აიპრესს“.

წყარო: “აიპრესი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები