სოსო ჯაჭვლიანი: ოღონდ ქვეყანას ეშველოს და 24-საათიან რეჟიმში მეკაიფონ

დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი თეთნულდის განვითარების შპს-ს ხელმძღვანელად მის დანიშვნასთან დაკავშირებით კოლეგების კრიტიკას ეხმაურება და აცხადებს, რომ პიროვნულად არავის დაუპირისპირდება. გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებას ასე მიმართავს: კიდევ კარგი, თქვენ არ იყავით გენიალური რეჟისორის, თენგის აბულაძის ასისტენტები, თორემ, ალბათ, ”ნატვრის ხეშიც” არ გადამიღებდნენ. „ბატონი თენგიზი მაინც თავისას გააკეთებდა და 2 ათასი ბავშვიდან მაინც მე შემარჩევდა გედიას როლზე. მე პარლამენტში ჩემი სახელითა და გვარით მოვხვდი და სოსო ჯაჭვლიანი დეპუტატის მანდატით არ გაუცნია საზოგადოებას! პირიქით, პარლამენტმა მომაცდინა, დამაზიანა, თორემ სიკეთე არაფერი მოუტანია ჩემთვის. ქილიკის მეტი არაფერი მიმიღია და ორჯერ მოვხვდი ჩაფიძის კლინიკაში. კიდევ კარგი, იუმორი მშველის, თორემ შესაძლოა, ახლა ცოცხალიც აღარ ვყოფილიყავი. ეს ჩვენი ტელევიზიები ისე წარმოაჩენენ, თითქოს სოსო ჯაჭვლიანი უმეცარია და არაფერი იცის. კი ბატონო, ასე იყოს, ოღონდ ქვეყანას ეშველოს და 24-საათიან რეჟიმში მეკაიფონ. საზოგადოებამ კარგად იცის, ბოლო 10-12 წლის განმავლობაში როგორ აქტიურად ვიყავი ჩართული პოლიტიკურ ბატალიებში. საპროტესტო აქციები, დარბევები, ციხე, შიმშილობა – ყველაფერმა ჩემს თავზე გადაიარა. ამის მერე ბრძოლაში ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დამინახა და მასთან ერთად, როგორც ჯარისკაცმა სანუკვარ მიზანს – დანაშაულებრივი ნაცრეჟიმის დამარცხებას მივაღწიე. ყოველივე ამის შემდეგ ჩემთვის ნამდვილად არ არის ადვილი, პოლიტიკას მოვწყდე და სრულიად სხვა სფეროში გადავინაცვლო, მაგრამ პრემიერ-მინისტრისგან ისეთი მნიშვნელოვანი შემოთავაზება მივიღე, ბევრი ყოყმანის გარეშე დავთანხმდი. ვერ გავიგე, რა უნდათ?! ჩემს რაიონში, ჩემს მშობლიურ სოფელში მივდივარ და ამასაც მიშლიან? თბილისში არაო, პარლამენტში არაო, ხელოვნებაში არაო და მულახშიც არ წახვიდეო! აბა სად წავიდე, გამაგებინეთ! მიხარია, რომ შესაძლებლობა მეძლევა, ჩემი მშობლიური კუთხის – სვანეთის განვითარებაში აქტიური მონაწილეობა მივიღო. ასე რომ, რამდენიც უნდათ ილაპარაკონ, იქილიკონ და მაგინონ! მე კი საქმეს გავაკეთებ და ამით გავცემ პასუხს ყველას!”, – აღნიშნა სოსო ჯაჭვლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები