ტერაქტის საქმის მთავარი მოწმე: ბექაურმა დააკონკრეტა, რომ საზღვარგარეთიდან 50. 000 დოლარს ელოდებოდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის სამსახურის ინფორმატორი აცხადებს, რომ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალ რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელ გაზსადენ მილზე დაგეგმილი დივერსიული აქტის მოწყობაში მონაწილეობა მასაც შესთავაზეს.
ინფორმატორი მოწმის ჩვენების ფრაგმენტს გაზეთი “კვირის პალიტრა“ დღევანდელ ნომერში აქვეყნებს. როგორც მოწმე აცხადებს, მან ბექაური გააფრთხილა, რომ გამჟღავნების შემთხვევაში შეირაცხებოდა საერთაშორისო ტერორისტად და უვადო პატიმრობას მიუსჯიდნენ. ინფორმატორის თქმით, ბექაურმა მას უპასუხა, რომ დასახულ მიზანს მაინც განახორციელებდა. ”მე “ზებოს“ მეშვეობით დავუკავშირდი ბექა ბექაურს, „ზებო” გავიცანი ინტერნეტით. ის ეხმარებოდა უკრაინაში საომრად ჩასულ ქართველ მეომრებს. მასთან მქონდა მიწერ-მოწერა, ის უკრაინაში გასაგზავნად ბიჭებს აგროვებდა, ”ზებოს” პირადად გადავეცი სამი წყვილი სამხედრო ფორმა. როგორც ვიცი, ის იმყოფებოდა უკრაინაში ცნობლი საომარი მოქმედებების დროს. შევხვდი ბექა ბექაურს და მან მითხრა, რომ აპირებდა დივერსიული აქტების განხორციელებას. საქართველოს ტერიტორიაზე თუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე-მეთქი? ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის დივერსიული აქტის განხორციელებას აპირებდა საქართველოს ტერიტორიაზე, დაუსახლებელ პუნქტებში. სოფელ საგურამოსა და სოფელ ჭოპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე ღიად გამავალ გაზსადენზე. შემომთავაზა მის მიერ დაგეგმილ დივერსიაში დახმარება და დაამატა, რომ აფეთქებისთვის საჭირო მასალა ჰქონდა, მის ჯგუფს მოწყობილი აქვს ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის სამალავი. ვუთხარი, რომ გამჟღავნების შემთხვევაში შეირაცხებოდა საერთაშორისო ტერორისტად და მიუსჯიდნენ უვადო პატიმრობას. ბექაურმა მიპასუხა, რომ ეს საერთოდ არ აშინებდა და დასახულ მიზანს მაინც განახორციელებდა. ჩემი ვარაუდით, ბექაურმა ”ზებოსგან” იცოდა, რომ საინჟინრო საქმიანობაში ვერკვეოდი პროფესიონალურ დონეზე და მქონდა გარკვეული გამოცდილება, ამიტომ მთხოვეს დივერსიის მოწყობაში დახმარება, ბექაურმა მთხოვა, პირადად მენახა მათ მიერ შერჩეული ადგილი, ასაფეთქებელი მოწყობილობა და განმესაზღვრა ადგილი. თავიდან ეჭვი მეპარებოდა მათი მიზნის რეალობაში, მაგრამ დამარწმუნა, რომ ჰქონდა იარაღის სამალავი და რამდენიმე პარტნიორი იყო მის გვერდით, მათ შორის შს სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი. მისი ვინაობა არ უთქვამს“,-აღნიშნულია ჩვენებაში. მოწმე ამბობს, რომ ის დაინტერესდა, თუ ვის დაკვეთას ასრულებდა ბექაური და მას ამ კითხვით მიმართა, თუმცა ბექაურმა გაუგებარი პასუხი გასცა. „საუბრის დროს ვკითხე, თუ ვის შეკვეთას ასრულებდა და ვისგან ფინანსდებოდა? ბექაურმა ამ კითხვაზე დაულაგებელი პასუხი გამცა, თუმცა დააკნონკრეტა, რომ ელოდებოდა საზღვარგარეთიდან 50. 000 დოლარს და როგორც საუბრისას წამოსცდა, სავარაუდოდ, თურქეთის რესპუბლიკიდან. ვისგან მოდიოდა შეკვეთა, ამაზე ბექაურმა კონკრეტული პასუხი არ გამცა. მასთან დაშორების შემდეგ დეტალურად გავაანალიზე და მივხვდი, რომ შეიძლებოდა ეს განხორციელებულიყო და მივმართე კონტრდაზვერვის დეპარტამენტს“, – აცხადებს მოწმე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები