რატომ ტოვებენ მსახიობები “ჩემი ცოლის დაქალებს”

მსახიობებს, რომლებმაც “ჩემი ცოლის დაქალები” დატოვეს, სერიალიდან წასვლის მიზებზე “კვირის პალიტრა” ესაუბრა.

“ჩემი ცოლის დაქალებში” “ყირმისას” როლის შემსრულებელი, დათუნა გოცირიძე ამბობს, რომ სერიალი სამუდამოდ დატოვა, მიზეზებზე საუბრისგან კი, თავი შეიკავა.

“იქ კონკრეტული რაღაც მოხდა, რის მოყოლასაც არ ვაპირებ. “რუსთავი 2″-ის არცერთ პროექტში მივიღებ მონაწილეობას!”, – აცხადებს გოცირიძე.

მსახიობი ზურაბ ინგოროყვა, რომელიც კატოს ქმრის როლს თამაშობდა, ამბობს, რომ სერიალიდან ცოტა ხნით მრავალსერიან ფილმ “ჰეროკრატიაში” გადავიდა რეჟისორ გოგა ხაინდრავასთან.

“ამ შემოთავაზებაში შემოქმედებითმა და ფინანსურმა მხარემ მომხიბლა – კერძო დეტექტივი, კალე განვასახიერე. შემოთავაზების შესახებ დაველაპარაკე “ჩემი ცოლის დაქალების” პროდიუსერ, ირაკლი საღინაძეს, გამიგო და დადებითად შეხვდა ამ ამბავს. სექტემბრიდან, ჩემი პერსონაჟი, კოტე ცირეკიძე, კვლავ ბრუნდება “ჩემი ცოლის დაქალებში”, – განაცხადა ინგოროყვამ.

რევაზ ნასიძის თქმით, რადგან სხვა სერიალში მონაწილეობის გამო, გრაფიკს ვერ ათავსებდა, “ჩემი ცოლის დაქალებიდან” წასვლამ მოუწია.

“თან ჩემ მოქალაქეობრივ ვალად ჩავთვალე, ზურგი შემექცია “ნაციონალური მოძრაობისა: და მათივე ტელევიზიისთვის. “ქერჩის” გადაღებების შეწყვეტის შემდეგ, უკვე 6 თვეა, სხვა საქმით ვარ დაკავებული, ასე ვთვათ, პაუზა მაქვს აღებული”, – განაცხადა ნასიძემ.

გამოცემა სერიალის პროდიუსერსაც დაუკავშირდა.

“მიზეზები, თუ რატომ დატოვეს მსახიობებმა სერიალი, შიდასამზარეულო ინფორმაციაა, რომელიც მუშა-პროცესის ნაწილია და საჯარო განხილვისთვის არ მეჩვენება საინტერესოდ.

მთავარი ამოსავალი წერტილი – რატომ შეიძლება მუშაობდეს ვიღაც, ან არ მუშაობდეს, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ემსახურება ეს ყველაფერი საერთო მიზანს.

თუ საერთო საქმის წინსვლისთვის ხელის შემშლელ ფაქტორს ვხედავ კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობაში, მირჩევნია გავანეიტრალო. პოლიტიკურ ფაქტორს ჩვენთვის არასდროს მნიშვნელობა არ ჰქონია.

იყო შემთხვევები, როცა მსახიობებს ჰქონიათ “რუსთავი 2”-ში მუშაობის პრობლემა, მათი ნებაა და გემოვნების საკითხია, მაგრამ საკუთარი პოლიტიკური პრეფერენციების მიხედვით არასდროს ჩაგვიტარებია კასთინგი“, – განაცხადა ირაკლი საღინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები