რას აცხადებს ტერაქტის საქმეზე ბრალდებული ბექა ბექაური ჩვენებაში

ტერაქტის მომზადების მცდელობაში ბრალდებული ბექა ბექაური გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში დეტალურად ყვება, თუ სად ჰქონდა დამალული ასაფეთქებელი მოწყობილობა და შეიარაღება.
ბექაურის ჩვენების ტექსტს გაზეთი “კვირის პალიტრა“ აქვეყნებს.
„2016 წლის 20 აგვისტოს, მე, ჯაბა მელქაძესთან და ნუკრი ჭკადუასთან ერთად, ამ უკანასკნელის ჯიპით თბილისიდან გავემგზავრეთ შატილის მიმართულებით. ჩემი იქ ჩასვლის მიზეზი იყო, ჯაბასთან ერთად ამომეთხარა ჟინვალი-შატილის საავტომობილო გზის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში მიწაში ჩამარხული ასაფეთქებელი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობა.
მოვძებნე იარაღისა და საბრძოლო მასალის სამარხი. ბარით ამოვთხარე ასაფეთქებელი ნივთიერებები, მოწყობილობები და 3 ცალი ავტომატი, რომელიც დათვალიერების შემდეგ ისევ დავმარხე. ასაფეთქებელი ნივთიერებები მოვათავსე პოლიეთილენის პაკეტებში და ჩავდე ზურგჩანთაში. შემდეგ ზურგჩანთა ნუკრი ჭკადუას ავტომანქანაში ჩავდე… ვიდრე მე ვთხრიდი ხსენებულ ნივთებს, ჯაბა მელქაძე ჩემგან შორიახლოს ტრიალებდა, რათა თავიდან აგვეცილებინა გარეშე პირების გამოჩენა.
ნუკრი ჭკადუასგან განსხვავებით, ჯაბა მელქაძე სრულად იყო საქმის კურსში… ეს უნდა წამოგვეღო თბილისში, რაც შეეხება ჭკადუას, მან არაფერი იცოდა, ვთხოვე, მეგობრულად გამომყოლოდა არაგვის ხეობაში. არც ის იცოდა, რა იდო ზურგჩანთაში. რაც შეეხება თქვენს კითხვებს, თუ რატომ არ დავაბრუნე უკან, სამალავში ავტომატები და ვაზნები, გიპასუხებთ, რომ მათი საჭიროება დღის წესრიგში არ იდგა. დავაკონკრეტებ, მე ის არანაირად არ მჭირდებოდა და პირდაპირ რომ გითხრათ, მოვერიდე მის ტრანსპორტირებას. შესაძლებელი იყო, შევემოწმებინეთ საპატრულო პოლიციას და ისინი ადვილად შეამჩნევდნენ საბარგულში ავტომატებს. ყველა მათგანის დასამალად არც მქონდა გათვალისწინებული ხელჩანთა, არც ის მინდოდა თავის მანქანაში შემჩნია ნუკრი ჭკადუას. თუ რატომ მჭირდებოდა ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერებები, ამ კითხვაზე პასუხის პასუხისგან თავს შევიკავებ მოცემულ ეტაპზე. შემიძლია გაჩვენოთ ის ადგილი, საიდანაც ამოვთხარე ასაფეთქებელი ნივთიერებები. დანარჩენი ჩავფალი მიწაში და დავაფარე ბრტყელი ლოდები. ჩვენება დაწერილია ჩემი კარნახით და ხელს ვაწერ“, – აცხადებს ბექა ბექაური ჩვენებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოში სერიოზული ტერორისტული აქტი აღიკვეთა. გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს 5 მოქალაქე: ბექა ბექაური, ვლადიმერ რუხაძე, მინდია ვაშაყმაძე, ჯაბა მელქაძე და ნუკრი ჭკადუა მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე აფეთქებას ამზადებდნენ. მათთან ერთად დაკავებულია საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მამფორია, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება აქვს წაყენებული – გამოძიების მტკიცებით, იგი ტერორისტულ ჯგუფს გეგმის განხორციელებაში ეხმარებოდა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულია ირაკლი ბაღიშვილიც.
წყარო: “კვირის პალიტრა“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები