გურჩიანი ბურჭულაძის პარტიიდან წამოსვლის მიზეზებს ყვება – სატანასთან გაიგივებულ პოლიტიკურ ძალასთან ბუღალტერადაც ვერ ვიმუშავებ
პაატა ბურჭულაძის ყოფილი თანაპარტიელი, „ტოიოტა ცენტრის“ დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანი პარტიის დატოვების მიზეზებზე გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ალაპარაკდა.
როგორც გამოცემასთან საუბრისას გურჩიანი ამბობს, ბურჭულაძის პარტიის დატოვების მიზეზი პარტიაში მისული „ნაციონალური მოძრაობის“ კადრები გახდნენ. მისივე თქმით, დღეს არსებული ბლოკი, არათუ „ნაციონალური მოძრაობის სატელიტია“, იგი სუპერნაციონალური ძალაა.
„მე მეგონა, რომ ჩვენ ვიქნებოდით დამოუკიდებელი ძალა. ასეთი იმედი და ასეთი წინასწარი მოლაპარაკება გვქონდა. როდესაც პარტიის გაკეთება შემომთავაზა, ვუთხარი – პაატა, ამდენი ხნის ძმაკაცები ვართ, პირდაპირ მითხარი, „ნაციონალებთან“ რამე ურთიერთობა თუ გაქვს და მერე მე ვიცი, როგორ მოვიქცევი-მეთქი. რა სისულელეაო, მიპასუხა. ოფისში დაიწყო ნაციონალური კადრების მოძალება. მე თვითონ ვატარებდი ინტერვიუებს იმ ხალხთან, ვისაც უნდოდა ჩვენს ფონდში მუშაობის დაწყება.
რამდენიც „დავბრაკე“, ცოტა ხანში მაინც ჩვენთან აღმოვაჩინე. კაცი რომ გეტყვის, დღესაც „ნაციონალი“ ვარ და მანდატი ჯიბეში მიდევსო, იმას ჩემთან რა საქმე უნდა ჰქონდეს?! სუფრასთანაც არ მინდა ამ ხალხთან ერთად ჯდომა, არათუ თანამშრომლად. რა ვქნა, ვერასდროს ვიქნები „ნაციონალების“ მეხოტბე. მე რომ მაგათთან დაკა-დაკა მქონდა, არავის დაესიზმრებოდა. პარტიიდან წამოსვლამდე ჩვენი მოლაპარაკება ძალაში იყო. მე სიაში მეორე, ან მესამე ნომერი უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ პირველიც რომ ვყოფილიყავი, იმ ძალასთან, რომელიც დღეს მის გარშემოა შემოკრებილი, ვერ დავრჩებოდი. სატანასთან გაიგივებულ პოლიტიკურ ძალასთან ბუღალტერადაც ვერ ვიმუშავებ“,-აცხადებს გურჩიანი.
ამასთან, გამოცემასთან საუბრისას, პაატა ბურჭულაძის პარტიის დამფინანსებლად ცნობილი გურჩიანი, აღნიშნულ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.
მისი თქმით, ბურჭულაძეს მისგან ფინანსური მხარდაჭერა არასოდეს ჰქონია.
„არასოდეს ჰქონია ჩემგან ფინანსური მხარდაჭერა და არც არასოდეს ვიყავი პასუხისმგებელი ფინანსებზე. ამაზე თავიდანვე შეთანხმებულები ვიყავით. ფაქტია, რომ ფული არ აქვს, ამბობდა, რომ ვიღაც მეგობარი ბიზნესმენი უნდა დახმარებოდა. ისინი ერთმანეთზე აკიდებული მკვდრები არიან და ფული აქვთ“,-განაცხადა ირაკლი გურჩანმა.
იგი ასევე პარტიიდან მერაბ მეტრეველის წასვლის ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარტიაში მისი მოსვლა ან წასლვა დღემდე ვერ აუხსნია.
„მეტრეველის მოსვლაც გამიკვირდა და წასვლაც. რამდენადაც ვიცი, იგი ხათუნა ლაგაზიძემ მიიყვანა. მეტრეველი წავიდა, ლაგაზიძე დარჩა. რა გითხრათ? ფაქტია, რომ დღეს არსებული ბლოკი, არათუ „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტია, ეს არის სუპერნაცინალური ძალა. თავის დროზე დაიშალნენ და ახლა კვლავ იპოვეს ერთმანეთი პარლამენტში შესასვლელად“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძის ყოფილმა თანაგუნდელმა.