გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვების ფაქტი დაგმო
გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვების მორიგი ფაქტი დაგმო. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
საბჭოს წევრები ფხენიანის მოქმედების საპასუხოდ საგანგებო ზომების მიღებაზე შეთანხმდნენ. განცხადებას ჩინეთმაც დაუჭირა მხარი, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ძირითად მოკავშირედ ითვლება.
ფხენიანი გაეროს გადაწყვეტილებას ძალზე მწვავედ შეხვდა. ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ამ ფაქტს „ამაზრზენი პროვოკაცია“ უწოდეს.
ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეამ რამდენიმე დღის წინ ბალისტიკური რაკეტა წყალქვეშა ნავიდან იაპონიის მიმართულებით გაუშვა. მან დაახლოებით 500 კილომეტრი იფრინა, რის შემდეგაც ზღვაში ჩავარდა.