„მუსიკოსთა პარკში“ სკულპტურები დააზიანეს

შეკვეთილში, „მუსიკოსთა პარკში“, სკულპტურა დააზიანეს. როგორც „ქართუ ჯგუფის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, „მუსიკოსთა პარკში“ არსებულ უიტნი ჰიუსტონის ძეგლს სხეულის ნაწილი, კერძოდ, ზედა კიდური მოტეხეს.
უძილაურის ინფორმაციით შემთხვევა black sea arena-ზე Scorpions-ის კონცერტის დასრულების შემდეგ მოხდა.
როგორც უძილაური აღნიშნავს, „მუსიკოსთა პარკში“ უიტნი ჰიუსტონის გარდა სხვა მუსიკოსების სკულპტურებიც დააზიანეს. სწორედ ამიტომ „მუსიკოსთა პარკში“ კამერები დამონტაჟდება. დაზიანებული სკულპტურები უახლოეს მომავალში შეკეთდება. „ეს შეკვეთილში წინა კვირას გახსნილი “მუსიკოსთა პარკია”. რამდენიმე დღეა „ნაციონალები“ ღლაბუცობენ – რას ჰგავს სკულპტურებიო, ზურაბ წერეთლის ნამუშევრებიაო. რამდენიმე მედიასაშუალებამაც დამირეკა – ავტორი ვინაა სკულპტურებისო. სკულპტურები დამზადებულია ევროპაში ევროპელი სკულპტორების მიერ და არ ეკუთვნის ზურაბ წერეთელს. ეს ისე, ფეისბუქით ნიუსების მკეთებელი მედიისთვის. ვისაც “მუსიკოსთა პარკი” აინტერესებს, როგორც მინიმუმ, პარკი უნდა ნახოს მაინც… მით უმეტეს, რომ Scorpions-ის კონცერტიდან გამოსულმა ზოგიერთმა ვანდალმა უკვე მოახერხა თავისი კულტურული აღმატებულობის დაღის დასმა სკულპტურებზე.
უიტნი ჰიუსტონის სკულპტურის გარდა დააზიანეს კიდევ რამდენიმე ნამუშევარი. უბრალოდ, გასართობად, კარგ ხასიათზე იყვნენ და სკულპტურებს დაერივნენ. ესეც ისე, „ნაცების“ ოხუნჯობაზე დახელოვნებული და გაზარმაცებული მედიისთვის. არა უშავს, დაზიანებული სკულპტურები შეკეთდება და კამერები დაემატება. ვინც მოინდომებს პარკის დაზიანებას, ვიდეოჩანაწერებს გამოვაქვეყნებ და მთელ ქვეყანაში გამოვაჭენებთ“,- წერს უძილაური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები