მაია მიმინოშვილი „ნაციონალური მოძრაობის” წევრებს: არის საკითხები, რომელთა პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენება დაუშვებელია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ”ნაციონალური მოძრაობის” წევრების, სერგო რატიანისა და ელენე ხოშტარიას მიერ აბიტურიენტებთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.
„ცოტა ხნის წინ გავეცანი ერთიანი„ ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებას აბიტურიენტებთან დაკავშირებით და თავი ვალდებულად ჩავთვალე, საზოგადოებისათვის, მკითხველისათვის პატარა განმარტება გამეკეთებინა.
მიმაჩნია, რომ არის საკითხები, რომელთა პოლიტიკური მიზნებისათვის, მით უმეტეს, სპეკულაციისათვის გამოყენება დაუშვებელია. ასე ვფიქრობდი ადრე, ასე ვფიქრობ დღეს. განცხადებაში არასწორი ფაქტებია მოყვანილი და კიდევ უფრო მცდარი შეფასებებია გაკეთებული. ცხადია, აბიტურენტებს არავინ ურეკავს და არავინ უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს – მხოლოდ მოთხოვნის გაგზავნის შემდეგ მისდით პასუხი სმს-ით. ყველაფერი რამდენჯერმე განვმარტეთ და, ბუნებრივია, მოვუბოდიშეთ ახალგაზრდებს. ხვალ საბოლოო შედეგებს გამოვაქვეყნებთ და, იმედია, ამგვარი სპეკულაციებიც დასრულდება.
და კიდევ… ერთიან ეროვნულ გამოცდებს მხოლოდ ერთხელ შეექმნა საფრთხე – 2012 წლის ზაფხულში! მიუხედავად მაშინდელი რეჟიმის მცდელობისა, სისტემა იმ ადამიანებმა გადაარჩინეს, რომლებიც მაშინაც და დღესაც ყველაფერზე წინ საქმის ინტერესებს და სამართლიანობას აყენებენ. 2012 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ცენტრის 170-მდე თანამშრომლის ძალისხმევამ და საქმისადმი თავდადებამ გადაარჩინა. საფრთხე კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მაშინდელმა ხელისუფლებამ შექმნა“, -წერს მიმინოშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები – სერგო რატიანი და ელენე ხოშტარია ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ აბიტურიენტებისთვის დაუმუშავებელი ინფორმაციის გაგზავნის ფაქტს ეხმაურებიან.
„ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადების პროცესში შემაშფოთებელი ფაქტი მოხდა. გუშინ აბიტურიენტების ნაწილს ერთი საათის განმავლობაში ურეკავდნენ, მათი მოწყობისა და გრანტის ოდენობის შესახებ შედეგებს უგზავნიდნენ. შემდეგ ეს შეწყდა და არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ დადებულა“, -აცხადებენ ხოშტარია და რატიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები