საძიებო სისტემა www-ის შექმნიდან 25 წელი გავიდა – გაინტერესებთ, ვის ეკუთვნის საუკუნის აღმოჩენა?

ინტერნეტრესურსების ადრესაციის სისტემის შექმნიდან დღეს 25 წელი გავიდა. სისტემა, რომელიც 1991 წლის 23 აგვისტოს შეიქმნა, კომპიუტერული მეცნიერებების ბრიტანელ ექსპერტ ტიმ ბერნერს-ლის უკავშირდება.  დღეს ის World Wide Web Consortium-ის დირექტორია და World Wide Web-ის განვითარებას ადევნებს თვალს. თუმცა, რომ არა მისი აღმოჩენა, რომლის მეშვეობითაც ის 21-ე საუკუნის ას ყველაზე ცნობილ გამომგონებელს შორის შევიდა, დღეს, სავარაუდოდ, ინტერნეტი არც გვექნებოდა. თუ გაინტერესებთ,  ვინ არის ტიმ ბერნერს-ლი და როგორ მიაგნო მან საუკუნის აღმოჩენას, ბლოგი, რომელსაც გთავაზობთ, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ.

ტიმ ბერნერს-ლი, რომელსაც 2004 წელს ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ რაინდის წოდება მიანიჭა, ქალაქ ლონდონში დაიბადა. ჯერ კიდევ 60-იანებში, როდესაც ინტერნეტსისტემა შექმნილიც არ იყო, მისი მშობლები კომპიუტერულ მოწყობილობებზე მუშობდნენ. პირველი კომპიუტერებიც სწორედ მათი თანამონაწილეობით შეიქმნა. ბერნერ-ლი, მშობლების მსგავსად, თავიდანვე ტექნიკური უნარ-ჩვევებით გამოირჩეოდა. ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში სწავლობდა, როდესაც რკინიგზის მაკეტი შექმნა და მცირე ზომის მატარებლების აწყობა დაიწყო.

ერთ-ერთ ინტერვიუში იგი შემდეგს იხსენებს: „ბავშვობიდან განსაკუთრებული ინტერესი მქონდა იმ მოწყობილობების მიმართ, რომლებიც ელექტროენერგიის წყალობით მუშაობდნენ. თავდაპირველად მცირე ზომის მატარებლების აწყობა გადავიწყე, შემდეგ კი, როდესაც კოლეჯში მოვეწყვე, ძველმოდური ტელევიზორისგან კომპიუტერი შევქმენი“.

სკოლის დამთავრების შემდეგ მან ოქსფორდის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა. მოგვიანებით კი შვეიცარიაში, ერთ-ერთ ლაბორატორიაში პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტად დაიწყო მუშაობა.  იგი ქმნიდა სხვადასხვა სახის პროგრამებს და ჯერ კიდევ მაშინ სარგებლობდა წარმატებული სპეციალისტის სახელით. თუმცა, ბერნერს-ლიმ ჯერ კიდევ ლაბორატორიში მუშაობისას შენიშნა, რომ კომპიუტერულ ტექნოლოგიებში პროგრესის მისაღწევად  ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. თუმცა, ამის მექანიზმი  მაშინ არ არსებობდა.

„იმ დროისთვის თითოეულ კომპიუტერზე გარკვეული პროგრამები იყო დაინსტალირებული. თუმცა, პრობლემას ქმნიდა ის ფაქტი, რომ ხშირ შემთხვევაში ეს პროგრამები ერთმანეთისგან განსხვავებული იყო. პროგრამების ერთ სივრცეში მოქცევა რთული იყო, რის გამოც მათზე წვდომის მოსაპოვებლად კომპიუტერების სათითაოდ გამოყენება გვიხდებოდა“, – იხსენებდა ბერნერს-ლი ერთ-ერთ ინტერვიუში.

მოგვიანებით მან გააცნობიერა, რომ ვირტუალური ქსელი, სახელად ინტერნეტი, რომელიც იმ დროისთვის ნელ-ნელა იწყებდა განვითარებას, საუკეთესო გზა გახდებოდა ინფორმაციის გაცვლისთვის. თუმცა, ამისთვის ინტერნეტსივრცეში დამატებით იმ სივრცის ან შესაძლებლობის შექმნა იყო საჭირო, რომელიც ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფდა. ამ მექანიზმს ჰიპერტექსტი ეწოდებოდა.

WWW-ს იდეა 1989 წელს შეიქმნა. დღეს მის გარეშე ინტერნეტის მოხმარება შეუძლებელია. თუმცა, ახალგაზრდა მეცნიერის წინადადება იმ დროის ინფორმაციული უსაფრთხოების ექსპერტებისთვის არც ისე მომხიბვლელი აღმოჩნდა. ერთ-ერთი გამონაკლისი სწორედ მაიკლ სენდელი იყო. ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში იგი განსაკუთრებული რეპუტაციით სარგებლობდა. ბერნარს-ლის იდეა მას საკმაოდ პერსპექტიული მოეჩვენა. თუმცა, ის მომენტი, როდესაც ჯერ კიდევ განუხორციელებელი პროექტის შესახებ პირველად შეიტყო, მან შემდეგნაირად გაიხსენა:
„მისი სამოქმედო გეგმა საკმაოდ ბუნდოვანი იყო. თუმცა, ამავდროულად, საოცარიც. ის აღფრთოვანებას იმსახურებდა“.

რამდენიმე ხანში სენდელი თავადაც ჩაერთო პროექტზე მუშაობის პროცესში. სიმბოლურია ალბათ, რომ ახალგაზრდა გამომგონებლის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა „ნექსთის“ კომპიუტერზე დაიწყო, ის კი სწორედ სტივ ჯობსის შექმნილი იყო. ფურცელზე დაწერილი იდეის განხორციელებას, დაახლოებით, ერთი წელი დასჭირდა. ახალგაზრდა მეცნიერს სენდელი მაქსიმალურ მხარდაჭერას უცხადებდა.

1990 წლისთვის ბერნერს-ლის ინტერნეტის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის უკვე სამი მნიშვნელოვანი კომპონენტი ჰქონდა შექმნილი. ესენია:

  1. HTML – ჰიპერტექსტი ციფრებისგან და ასოებისგან შემდგარი კოდების ერთობლიობაა, რომელიც, საბოლოოდ, იმ ტექტის დაშიფრულ ფორმატს წარმოადგენს, რომელსაც ვკრეფთ, ვკითხულობთ და ერთმანეთთან ვაგზავნით;
  2. URI  –   მისამართი, რომელსაც ინფორმაციული უსაფრთხოების ექსპერტები ხშირად უნიკალურ მისამართად მოიხსენიებენ. სხვაგვარად მას URL-იც ეწოდება;
  3. HTTP – მექანიზმი, რომელიც ინტერნეტსივრცეში ერთმანეთთან დაკავშირებული მასალების მოძიების შესაძლებლობას იძლევა.

ზემოთხსენებული ე.წ. მექანიზმების შექმნის შემდეგ ცხადი იყო, რომ ბერნარმა საუკუნის აღმოჩენა გააკეთა. პირველი ვებგვერდის შექმნის ისტორიაც სწორედ მის სახელს უკავშირდება – WorldWideWeb.app.

მოგვიანებით დანერგილი სისტემის პოპულარიზაციასა და მის განვითარებაში ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაციაც ჩაერთო. თუმცა  ბერნარს-ლი აცნობიერებდა, რომ სრულყოფილებისთვის არც ეს იყო საკმარისი. მან გადაწყვიტა, რომ მის მიერ შექმნილი ქსელი უფასო ყოფილიყო და მომხმარებლებს მასზე ულიმიტო წვდომა ჰქონოდათ. მან გადაწყვიტა, რომ სისტემის მოხმარების, მისი შეცვლის და მასში სიახლის შეტანის უფლება სხვა ადამიანებისთვისაც მიეცა. ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა:

შეუძლებელია ერთპიროვნულად ფლობდე იმას, რაც უნივერსალურია“.

1991 წლის 23 აგვისტოს საზოგადოებამ პირველად მოიპოვა წვდომა მასშტაბურ ვირტუალურ ქსელზე. რაც შეეხება ტიმ ბერნერს-ლის, დღეს იგი 21-ე საუკუნის უდიდეს გამომგონებლებს შორის შედის. მას არაერთი საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო აქვს მიღებული.  რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, ჟურნალისტებთან ამის შესახებ იშვიათად საუბრობს, თუმცა ცნობილია, რომ 2014 წელს იგი მესამედ დაქორწინდა.

მოამზადა ნინი ჯაფარიძემ
წყარო: http://cyber.kvira.ge/10938/

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები