ნატო 1949 წლის 4 აპრილს დაარსდა
1949 წლის 4 აპრილს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია – ნატო დაარსდა. ნატო ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 28 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული ამოცანების შესრულებაა. მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას იდეოლოგიურმა და პოლიტიკურმა ბარიერებმა ევროპის კონტიტენტი ორად გაყო. ნატო დასავლეთ ევროპაზე საბჭოური გავლენის აღმოსაფხვრელად და ევროპის სახელმწიფოების დაცვის მიზნით ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცის ძირითად ამოცანას წარმოადგენს ალიანსის წევრი ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით. ნატო იცავს მოკავშირეების დემოკრატიის საერთო ფასეულობებს, პიროვნების თავისუფლებას, კანონის უზენაესობასა და უზრუნველყოფს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას. ნატო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის წევრი ქვეყნები ინარჩუნებენ სრულ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში ყველა გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების მიერ კონსესუსის საფუძველზე მიიღება. ალიანსში გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი ორგანო არის ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რომლის სხდომებს ნატოს გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს.