როდესაც დავრწმუნდი, რომ „სახელმწიფო ხალხისთვის“ ოდესიდან იმართებოდა, ის მაშინვე დავტოვე – რას ყვება ბურჭულაძის პარტიის თანადამფუძნებელი

პაატა ბურჭულაძესთან ერთად პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის“ ბიზნესმენმა ირაკლი გურჩიანმა დააფუძნა, თუმცა ის ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა, ვინც პარტია შექმნიდან მალევე დატოვა. ირაკლი გურჩიანი “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ პარტია ოდესიდან იმართება და მან აღნიშნული პოლიტიკური ძალის დატოვებაც სწორედ ამიტომ მიიღო.
“როდესაც დავრწმუნდი, რომ “სახელმწიფო ხალხისთვის“ ოდესიდან იმართებოდა, პარტია მაშინვე დავტოვე. მადლობა ღმერთს, სწორი გზა დროულად დავინახე. პაატამ პარტიის ჩამოყალიბება სწორედ მე, 2015 წლის სექტემბერში შემომთავაზა, – მაშინ პირველი კითხვა შემდეგი მქონდა: ხომ არ იყო ის დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილის ინტერესებთან? პაატამ ჩემი ეჭვები კატეგორიულად უარყო“.
როგორც გურჩიანი აღნიშნავს, პარტიის ოდესიდან მართვის შესახებ ეჭვები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მოძრაობამ ოფისების გახსნა რეგიონებში დაიწყო. გურჩიანის თქმით, მისი მხრიდან გამოთქმული უარყოფილი რეკომენდაციის მიუხედავად, ოფისებში “ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები ინიშნებოდნენ.
როგორც გურჩიანი აღნიშნავს, ის პირადად მონაწილეობდა “ნაციონალური მოძრაობის“ კადრების შერჩევაში.
“ამის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე ვკითხე იგივე და ისევ კატეგორიულად იუარა. ჩვენი მეგობრობიდან გამომდინარე არ მქონდა უფლება, მისი პასუხისთვის არ დამეჯერებინა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მომატყუა. რა თქმა უნდა, ბოლომდე არ გამეხსნა, მაგრამ როგორც კი დავრწმუნდი, მოძრაობა დავტოვე! პარტიის ოდესიდან მართვის შესახებ ეჭვები მას შემდეგ გამიჩნდა, რაც რეგიონებში ოფისების გახსნა დავიწყეთ – ყველგან მხოლოდ ყოფილი “ნაციონალები“ მოდიოდნენ. პირადად მე კადრების შერჩევაში ვმონაწილეობდი. ბევრი ჩემ მიერ დაწუნებული კადრი, ჩემი უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, მაინც ინიშნებოდა. ჩემს შეკითხვაზე, რატომ მიიღეს ჩემგან დაწუნებული ესა თუ ის კადრი პარტიაში, მპასუხობდნენ, რომ თავადაც შეცდომაში შეიყვანეს და ადამიანებს მათი მეგობრის რეკომენდაციით ნიშნავდნენ, იმასაც მეუბნებოდნენ, ეს ადამიანები ჩვენი ერთგულები იქნებიანო. წარმოიდგინეთ, ისეთ ადამიანებზეა საუბარი, რომლებიც მეუბნებოდნენ, იმ უბედური 9 წლის განმავლობაში “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ვიყავით და 2014 წლამდე შტაბში ან გაუგებრობაში ვმუშაობდით, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით. ერთი აპლიკანტი მოვიდა და როდესაც ვკითხე, რომელიმე პარტიის წევრი თუ ყოფილხარ-მეთქი, მიპასუხა, დღესაც “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვარო. ასეთი ადამიანები როგორ უნდა მიმეღო?! ბოლოს საერთოდ დავანებე გასაუბრებაში მონაწილეობას თავი, რადგან რაღაც “იურიდიული ძალა“ პარტიაში მხოლოდ “ნაციონალებს“ ასაქმებდა,თუმცა პარტიაში თანამდებობებზე მაინც ინიშნებოდნენ.
პაატა ბურჭულაძის ოფისში სკამიც კი“ ნაციონალური მოძრაობის“ ჰაერით სუნთქავს“, – აცხადებს ირაკლი გურჩიანი.
წყარო: “კვირის პალიტრა“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები