კახა ოქრიაშვილი: ჩვენ ვართ ის ძალა, ვისაც შეუძლია ქვეყანა, ხალხი წინ წაიყვანოს

პრემიერ-მინისტრმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა წალკაში შეკრებილ მოსახლეობას წალკა-დმანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა.
როგორც დეპუტატობის კანდიდატმა კახა ოქრიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „ქართული ოცნება” არის ის ძალა, ვისაც ძალუძს, ქვეყანა, ხალხი წინ წაიყვანოს.
„წალკა, როგორც დმანისი, მრავალეთნიკურია. აქ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ქართველები ცხოვრობენ. ქართველებთან ერთად ცხოვრობენ სომხები, ბერძნები, აზერბაიჯანელები, რუსები. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ. ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობა ვიცით და ამ დამოკიდებულებას ძალიან ვაფასებთ, ვუფრთხილდებით. წარსულში საქართველო დიდი პრობლემების მომსწრეა. ვნახეთ სამოქალაქო დაპირისპირება, ქვეყნის ნგრევა, ეკონომიკის ჩამოშლა, იყო ბევრი წარმატებაც. რატომ ხდებოდა ეს რყევები ჩვენს ქვეყანაში წარსულში? ჩვენ მიერ არჩეული მთავრობები, სამწუხაროდ, ბევრ შეცდომას უშვებდნენ. ჩვენს ქვეყანას ყოველთვის ჰქონდა კვალიფიციური, მდგრადი, გაწონასწორებული პოლიტიკოსების დეფიციტი. დღეს ჩვენ – ყველას გვაქვს შანსი, ბატონი გიორგი კვირიკაშვილის ირგვლივ შევქმნათ კვალიფიციური ხალხისგან შემდგარი „ქართული ოცნების” სრულიად ახალი გუნდი, რომელიც წინ წაიყვანს ქვეყანას და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს.
მე გამაჩნია წლების განმავლობაში ბიზნესსა და პოლიტიკაში დაგროვილი გამოცდილება, ცოდნა. მინდა, რომ ეს გამოცდილება მოვახმარო ჩვენს ქვეყანას, მათ შორის წალკას და დმანისს, მოვახმარო ამ ახალ კვალიფიციურ გუნდთან ერთად. დღეს ჩვენ ვართ ის ძალა, ვისაც შეუძლია ქვეყანა, ხალხი წინ წაიყვანოს. ჩვენ გვაქვს ოთხპუნქტიანი კონკრეტული გეგმა ჩვენი ქვეყნის განვითარების. მოდით, დავდგეთ ერთმანეთის გვერდით, ერთობლივად შევქმნათ ჩვენი შვილების მომავალი საქართველო. ძვირფასო წალკელებო, თქვენ და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ”,-აღნიშნა კახა ოქრიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები