რატომ უნდა ვუფრთხილდეთ “პირატულ” პროგრამებს და საიდან სჯობს მასალების გადმოწერა – ინტერვიუ ლევან დიდებულიძესთან
ინფორმაციული უსაფრთხოების ექსპერტები ხშირად აცხადებენ, რომ უმჯობესი იქნება, თუ ინტერნეტმომხმარებლები არალიცენზირებული პროგრამების მოხმარებისგან თავს შეიკავებენ, რადგან, ასეთ შემთხვევაში, მათი პერსონალური ინფორმაცია დაუცველი ხდება. სამწუხაროდ, საქართველოში რთულად მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ამ რეკომენდაციას გაითვალისწინებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულის სამმართველოს ტექნოლოგიების, კვლევისა და დანერგვის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი ლევან დიდებულიძე მიიჩნევს, რომ პირატული პროგრამებით სარგებლობა პირდაპირ არის დაკავშირებული მოსახლეობის დაბალ ცნობიერებასთან. ჩვენთან საუბრისას, მან რამდენიმე რეკომენდაცია გაგვიზიარა და ის ინტერნეტწყაროები დაასახელა, საიდანაც მასალის გადმოწერა ყველაზე უსაფრთხოა.
– იზიარებთ იმ ექსპერტების მოსაზრებას, რომლებიც მიიჩნევენ, რომ არალიცენზირებული პროგრამების მოხმარების შემთხვევაში, რთულია პერსონალური მონაცემების დაცვა?
-არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების შემთხვევაში, რისკია იმისა, რომ პროგრამაში ჩაშენებული იყოს მავნე პროგრამული კოდი (Malware), რომელმაც, შეიძლება, მოახდინოს თქვენი პერსონალური ინფორმაციის, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის, ინტერნეტმესენჯერების, სოციალური ქსელების მომხმარებელის სახელისა და პაროლის, საბანკო მონაცემების და სხვა სახის ინფორმაციის მესამე პირისთვის გადაცემა. აგრეთვე, თქვენი პერსონალური კომპიუტერი, შესაძლებელია, ნებისმიერ დროს გახდეს მასშტაბური DDoS შეტევის მონაწილე. ანუ, ე.წ. Bot არალიცენზირებული პროგრამების გამოყენების შემთხვევაში, პროგრამის ფუნქციონალი არ იქნება გამართული და შესაძლოა, მოხდეს მნიშვნელოვანი სისტემური სერვისების გათიშვა.
– არსებობს თუ არა ისეთი ქვეყნები, სადაც არალიცენზირებული პროგრამების მოხმარება აკრძალულია?
– არალიცენზირებული პროგრამები აკრძალულია აშშ-ში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.
– როგორ ფიქრობთ, რა მიზეზით ვერ ხდება საქართველოში ლიცენზირებული პროგრამების მოხმარება? რასთან არის ეს კავშირში – ფინანსებთან თუ საზოგადოების დაბალ ცნობიერებასთან?
– საქართველოში ლიცენზირებული პროგრამების დაბალ მაჩვენებელს ის ფაქტორი განაპირობებს, რომ აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფა საკმაოდ ძვირია და მოსახლეობის უმეტეს ნაწილს მისი შეძენის საშუალება არ გააჩნია. ასევე, მოსახლეობაში არის გარკვეული კატეგორია, რომელიც თვლის, რომ ფასიანი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებას აზრი არ აქვს და არალიცენზირებული, პირატული პროგრამებით სარგებლობენ, რაც პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის დაბალ ცნობიერებასთან.
– თქვენი აზრით, რა როლი აქვს სახელმწიფოს? როგორ უნდა აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება?
– საჭიროა, მსგავსი საკითხების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების მაქსიმალურად ამაღლება და რისკების განმარტება, რათა თავიდან იქნას აცილებული შემდგომი ნეგატიური შედეგები.
– რას ფიქრობთ ანტივირუსების გამოყენებასთან დაკავშირებით? აიტი სპეციალისტები აცხადებენ, რომ საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 1-5 პროცენტი მოიხმარს ლიცენზირებულ ანტივირუსს. მათი აზრით, იმ პირობებში, როდესაც მოსახლეობის უმეტესობა არალიცენზირებულ ანტივირუსს მოიხმარს, უმჯობესია, რომ ის საერთოდ არ გამოვიყენოთ.
– უპირველეს ყოვლისა, მოგახსენებთ, რომ ანტივირუსის გამოყენება აუცილებელია. არსებობს ანტივირუსული პროგრამების 2 სახეობა: უფასო და ფასიანი ლიცენზიების მქონე. ფასიანი ლიცენზიის მქონე ანტივირუსს, უფასო ლიცენზიის მქონე ანტივირუსისგან განსხვავებით, დამატებითი სერვისები გააჩნია. მაგალითად: ელექტრონული ფოსტის სკანირება, ინტერნეტში მუშაობისას უსაფრთხოების დაცვა და სხვ. საზოგადოების ნაწილს, რომელსაც არ აქვს ლიცენზირებული ანტივირუსული პროგრამის გამოყენების საშუალება, შეუძლია, ისარგებლოს ერთ-ერთი პოპულარული Freeware ანტივირუსით – Microsoft Essentials, რომლის გადმოწერა Microsoft-ის ოფიციალურ საიტიდან არის შესაძლებელი. ანტივირუსი, შესაძლებელია, დაინსტალირდეს Windows 7-ის შემთხვევაში, ხოლო Windows 8-10-ში ავტომატურად არის ჩაშენებული. ჩვენი რჩევაა, მოსახლეობის მხრიდან მაქსიმალურად მოხდეს ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფების გამოყენება.
– გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მოიხმარს ანტივურუსს, შეგიძლიათ, რომ მაინც განმარტოთ, რომელი ანტივირუსის მოხმარებაა ყველაზე მიზანშეწონილი და რომლის გადმოწერისგან უნდა შევიკავოთ თავი და რატომ?
(ავირა, ავასტი, კასპერსკი და ა.შ. )
– საზოგადოებას ვურჩევთ, მოხდეს ნებისმიერი ლიცენზირებული ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფების გამოყენება. როგორც ზემოთ აღვნიშნე, თუ მოქალაქეს არ აქვს საშუალება, შეიძინოს ფასიანი ლიცენზია, შეუძლია გამოიყენოს Microsoft Essentials, რომელიც არის უფასო ლიცენზიის მქონე. რაც შეეხება kaspersky-ის, მინდა მოგახსენოთ, რომ ევროპოლი და ინტერპოლი kaspersky Lab-ს იყენებს დახმარების კუთხით, კიბერდანაშაულის გამოძიების შემთხვევაში.
– აქვს თუ არა რაიმე არსებითი მნიშვნელობა იმას, თუ რომელი ინტერნეტბაზიდან გადმოვწერთ ამა თუ იმ პროგრამას, თამაშს ან აპლიკაციას? გთხოვთ, ჩამოგვითვალოთ ის სივრცეები, საიდანაც არ ღირს პროგრამების გადმოწერა, ასევე, გთხოვთ, ჩამოგვითვალოთ ის სანდო სივრცე, სადაც პროგრამების გადმოწერა მიზანშეწონილია (Google play და ა.შ.)
– მობილური აპლიკაციების შემთხვევაში, უნდა მოხდეს პროგრამული უზრუნველყოფის გადმოწერა Android-ისთვის Google Play-იდან, ხოლო IOS-ის მომხმარებელთათვის – Appstore-დან. პერსონალური კომპიუტერის შემთხვევაში კი – მწარმოებლის ოფიციალური საიტიდან და ისეთი სანდო Online მაღაზიებიდან, როგორიც Amazon.com -ია.
წყარო : http://cyber.kvira.ge/10518/