იტალიის პოლიციამ გოგენის და ბონარის 40 წლის წინ გატაცებული ნამუშევრები აღმოაჩინა

პოლ გოგენის და პიერ ბონარის 40 წლის წინ გატაცებული ფერწერული ტილოები იტალიელი მუშის სამზარეულოში აღმოაჩინეს, – ამის შესახებ იტალიის პოლიცია იუწყება. ნახატების ღირებულება 10, 6 მილიონი ევროა.

ტილოები 1970 წელს ლონდონში მცხოვრები კერძო კოლექციონერის სახლიდან გაიტაცეს, შემდეგ კი იტალიაში მიმავალ მატარებელში დატოვეს. 1975 წელს დაკარგული ნივთების აუქციონზე ნახატები ერთ-ერთი ქარხნის მუშამ 23 ევროდ შეიძინა და ტურინში, საკუთარი სახლის სამზარეულოში დაკიდა. ერთხელ მისმა ვაჟმა გოგენის ალბომის დათვალიერებისას ნახატებს შორის მსგავსება შენიშნა და ტილოების შესამოწმებლად ექსპერტებს მიმართა. მალე მათ სახლს პოლიცია ეწვია. გოგენის ფერწერული ტილო ,,ნატურმორტი ძაღლით“ 1889 წელს შეიქმნა და 10-დან 30 მილიონი ევრო ღირს. ხოლო ბონარის ,,ქალი ორ სავარძელთან“ 600 000 ევროდაა შეფასებული.

„ნიუ-იორკ ტაიმსის“ ცნობით, 1970 წელს ტილოები ლონდონში, რიდჯენს -პარკში მდებარე სახლიდან სამმა მამაკაცმა გაიტაცა, რომელთაც თავი სიგნალიზაციის ხელოსნებად წარადგინეს. მათ მოსამსახურეს ჩაით გამასპინძლება სთხოვეს, ოთახში შემოსულ მოსამსახურეს კი ჩარჩოები ცარიელი დახვდა. იტალიის კულტურის მინისტრი დარიო ფრანჩესკინი ტილოების აღმოჩენით ძალიან გახარებულია. ,,ეს გასაოცარი ისტორიაა, ეს სიმბოლოა ყველა იმ შედევრისთვის, რომელიც იტალიის პოლიციამ ზედმეტი თავსატეხის გარეშე დააბრუნა“- აცხადებს მინისტრი. პოლ გოგენი სეზანისა და ვან გოგის მსგავსად პოსტიმპრესიონიზმის საუკეთესო წარმომადგენელი იყო. პიერ ბონარი კი ისტორიაში შევიდა, როგორც თანამედროვე ხელოვნების უდიდესი ოსტატი ფერთა გამაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები