"ხელისუფლება ცდილობს, პოლიტიკურ ოპონენტებს პრობლემები შეუქმნას"

  ხელისუფლება ცდილობს, პოლიტიკურ ოპონენტებს პრობლემები შეუქმნას, რადგან უმცირესობას საზოგადოების პრობლემები ყოველთვის სააშკარაოზე გამოაქვს,- ამის შესახებ უმცირესობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ყველა ადამიანი, რომელიც ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობდა, ან დაკითხვაზეა დაბარებული, ან დაკავებულია.
,,ეს არის ძალიან მარტივი პასუხი პროკურორის მხრიდან პარლამენტში პროკურატურის წარუმატებელ გამოსვლაზე. პირველი შემთხვევა არ არის, რომ ჩვენ გვეუბნებიან, თუკი თქვენ შეიცვლით რიტორიკას, თქვენ აღარ მოგიწევთ პროკურატურაში სიარული, მაგრამ თუკი თქვენ იქნებით აქტიური და წინ წამოწევთ პრობლემებს, რომელიც ეწინააღმდეგება ხელისუფლების პოზიციას, თქვენ დაგიბარებენ პროკურატურაში”, – აღნიშნა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
გიგა ბოკერია საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დაკითხვაზე დღეს, 15:00 საათისთვის არის დაბარებული. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება გიგა ბოკერიას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად (აპარატის ხელმძღვანელი) მუშაობის პერიოდში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს. მთავარი პროკურატურის ცნობით, საქმეს მინიჭებული აქვს საიდუმლო გრიფი და მასზე გამოძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები