ეკა ბესელია: „საკონსტიტუციო რევოლუციის“ გეგმაზე, აუცილებლად უნდა დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი

“ნაციონალების“ მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო რევოლუციის გეგმა თავიდან ბოლომდე გავშიფრეთ“ – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
ბესელია გამოცემასთან იმ სქემის შესახებ საუბრობს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ საკონსტიტუციო სასამართლოსთან ერთად რევოლუციის მოსაწყობად ჰქონდა დაგეგმილი.
„ნაციონალებს“ მცდელობა ჰქონდათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ძალიან სახიფათო პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად გამოეყენებინათ, მაგრამ მათ მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო რევოლუციის გეგმა თავიდან ბოლომდე გავშიფრეთ. „ნაციონალურ მოძრაობას“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი ჰქონდა შეტანილი და ითხოვდა, რომ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ახლებური დაყოფა სასამართლოს არაკონსტიტუციურად ეცნო.
თუკი საკონსტიტუციო სასამართლო „ნაციონალების“ სარჩელს დააკმაყოფილებდა, პარლამენტს ახალი კანონის მიღება და მაჟორიტარული ოლქების საზღვრების შეცვლა მოუწევდა, რის გაკეთებასაც არჩევნებამდე დარჩენილ მცირე დროში, თანაც უკვე დაწყებული საარჩევნო კამპანიის პირობებში, ვერ მოვახერხებდით! მოკლედ, „ნაცმოძრაობას“ სამართლებრივი და პოლიტიკური კრიზისის გამოწვევა სურდა, რათა შემდეგ ეყვირა, საპარლამენტო არჩევნები არაკონსტიტუციური კანონით ჩატარდა და მისი შედეგები ბათილად უნდა გამოცხადდესო!
ამ სარჩელზე მოსამართლეთა ხმები თანაბრად გაიყო – 4 მომხრე და 4 წინააღმდეგი. ჩვენ რომ პარლამენტში ახალი კანონი არ მიგვეღო და საკონსტიტუციო სასამართლოში კვორუმი არ გაგვეზარდა, „ნაციონალები“ თავიანთი პროვოკაციული ჩანაფიქრის განხორციელებას თავისუფლად მოახერხებდნენ, რადგან სააკაშვილის დროს არსებული კანონით, საკონსტიტუციო სასამართლოს 2 მოსამართლეს შეეძლო, ნებისმიერი გადაწყვეტილება მიეღო და კანონის ნებისმიერი ნორმის მოქმედება შეეჩერებინა! სწორედ, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის წინააღმდეგ გადაწყვეტილების მიღება ვერ შეძლო და მაჟორიტარული ოლქების დაყოფის წესი არაკონსტიტუციურად ვერ გამოაცხადა, გიორგი პაპუაშვილი გამობრძანდა და მოსამართლეების მიმართ მოსამართლეთა პოლიტიკურ ზეწოლაზე ალაპარაკდა, რაც „ნაციონალების“ მიერ დაგეგმილი საკონსტიტუციო რევოლუციის ნაწილი გახლდათ! ამაზე ისიც მეტყველებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არცერთ მოსამართლემ მასზე ზეწოლის ფაქტი არ დაადასტურა. მეტიც, ხუთმა მოსამართლემ ერთობლივი განცხადება გაავრცელა და საკონსტიტუციო სასამართლოში არსებულ პრობლემებზე ღიად ალაპარაკდა. მათ საზოგადოებას მიაწოდეს ძალიან სკანდალური და ყოვლად წარმოუდგენელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ადგილი ჰქონდა სარჩელების შეცვლას იმ საქმეებზე, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ინტერესებთან არის დაკავშირებული“, – აცხადებს ეკა ბესელია ინტერვიუში.
ბესელიას მიაჩნია, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს, კონკრეტულად „რუსთავი 2“ -ისა და „კაბელების“ საქმეზე სარჩელების შეცვლასთან დაკავშირებით.
„ყოვლად წარმოუდგენელი და დაუშვებელია, რომ ერთსა და იმავე საქმეზე, ერთი და იმავე სარეგისტრაციო ნომრით, სხვადასხვა შინაარსის სარჩელი არსებობდეს! ეს არის ყოვლად არანორმალური მოვლენა! ეს არის კანონის უხეში დარღვევა, რაზეც აუცილებლად უნდა დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი! სახელდობრ ვისი? – ეს გამოძიებამ უნდა გამოარკვიოს! – ამბობს ეკა ბესელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები