რატომ ჩაუმტვრია „ნაციონალებს“ ოფისის ფანჯრები „კულას“ დირექტორმა

ნათქვამი ჰქონდათ, ნეტავ ვინმე მოგვეხმარებოდეს ამ ფანჯრების გამოცვლაშიო, რომ გამოვდიოდი, ვიკითხე, ამ შუშების გამოცვლა გინდათ მეთქი? დამიდასტურეს და დავეხმარე. „ნაციონალურ მოძრაობას“ ნამუსი რომ ჰქონდეს, ამ ფაქტისთვის პოლიტიკური სარჩული არ უნდა მიეცათ, – ამის შესახებ გაზეთ „პრაიმტაიმს“ გორში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ფანჯრების ჩამსხვრევის ინციდენტში მონაწილე კომპანია „კულას“ ხელმძღვანელმა ივანე გოგლიძემ განუცხადა.
გოგლიძის თქმით, ამ ინციდენტის გამო სამართალდამცველებმა იგი მოწმის სახით უკვე დაკითხეს. აღსანიშნავია, რომ ივანე გოგლიძის ძმა ალექსანდრე გოგლიძე გორში, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. თავად ივანე გოგლიძე კი წინა ხელისუფლების დროს იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ნამუსი რომ ჰქონდეს, პირიქით, მადლობა უნდა გადამიხადონ და ბოდიში მომიხადონ, რადგან ტყუილად გამანერვიულეს. მცირე ოჯახური კონფლიქტი მქონდა ძმასთან. მათ კი ეს ყველაფერი პოლიტიკურ კონტექსტში გადაზარდეს. მათი სირცხვილია. მოაწყვეს ბრიფინგი, სადაც უნდოდათ ეთქვათ, რომ ორი ძროხა და სამი ქათამი მოჰპარეს. ამბობენ, რომ ეს თითქოს ერთგვარი ზეწოლა იყო მათ კანდიდატზე. ნუ მოხსნიან კანდიდატურას, როდის დამიძალებია ვინმესთვის რამე? თუ უნდათ, კიდევ 10 კაცი დააყენონ“, – აღნიშნა გოგლიძემ.
ბიზნესმენი 2005 წელს მისი დაკავების დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ რეალურად მისი დაჭერის მიზეზი მისი საწარმო იყო.
„4 თვის შვილის წასაყვანად მივდიოდი სახლში. გამაჩერეს, დამაკავეს, მოდულში მიმიყვანეს და ჩხრეკისას ჩემი მანქანიდან ორი ცალი „ლიმონკა“ ამოიღეს. შვილთან მივდიოდი და ლიმონკა მექნებოდა?! იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დამაკავეს, რა თქმა უნდა, რეალური მიზეზი ჩემი საწარმო იყო, რომლის ინტერესიც „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელ ხელმძღვანელობას ჰქონდა. მე რაც წამართვეს, ხუთი იმდენი ვიშოვე მერე. უკან არ ვიყურები. რაც წამართვეს, ღმერთი თავისას ყველას მიუზღავს.
ამბობდნენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვაფინანსებდი. არასოდეს ვიქნები ამ პარტიის დამფინანსებელი, რომელმაც დამიჭირა. მე არავის ვაფინანსებ, გარდა იმ ადამიანებისა, ვისაც ნამდვილად უჭირთ. „ნაციონალებმა“ რომც მთხოვონ, ამას არც გავაკეთებ“, – ამბობს გოგლიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები