„სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიური ბიზნესიდეების ფინალისტები 22-25 აგვისტოს გამოვლინდებიან

„ჩვენ დღეს ვნერგავთ ახალ კულტურას და ვამბობთ, რომ იდეისა და დაფინანსების კონკრეტულ საქმეებად გადაქცევისთვის   ასევე საჭიროა სწორი მიწოდება და  სწორი პროცესი“- ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა  ტექნოპარკში სტუმრობისას განაცხადა, სადაც „სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიური ბიზნესიდეების ფინალისტებისთვის ერთკვირიანი ტრენინგები დაიწყო.
მაღალტექნოლოგიური ბიზნესიდეების ფინალში გადასულ 51 მონაწილეს ფიჩინგისა და პრეზენტაციების უნარების დახვეწას, ვენჩერულ ინვესტორებთან თანამშრომლობას, „სილიკონ ველის“ პრინციპების გაცნობას, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბაზარს, სტარტაპის განვითარების პერსპექტივებს და  დამწყები ბიზნესების მოდულებს „სილიკონის ველის“ ექსპერტები შეასწავლიან,  რომლებიც სპეციალურად ამ პროექტისთვის თბილისში იმყოფებიან. ტრენინგების გავლის შემდეგ ფინალისტები საკუთარი ბიზნესპროექტების პრეზენტაციებით უკვე ვენჩერული ინვესტორების წინაშე წარსდგებიან.
„2 თვის წინ დავიწყეთ საქართველოს მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ,,სტარტაპ საქართველო,“ სადაც განაცხადებს ვიღებდით როგორც ინოვაციური,  ასევე მაღალტექნოლოგიური ინოვაციის მიმართულებით. საბოლოო ჯამში, 700-ზე  მეტი განაცხადი შემოვიდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან, მათ შორის, 140-ზე მეტი იყო მაღალტექნოლოგიური, ინოვაციური განაცხადი. აქედან მეორე ეტაპი გადალახა 51-მა პროექტმა. იმისთვის, რომ ყველა მონაწილისთვის თანაბარი პირობების შექმნა მომხდარიყო, ამერიკიდან მოვიწვიეთ ტრენერთა ჯგუფი, რომელიც დაეხმარება ფინალისტებს, სწორად მოემზადონ ინვესტორებთან წარდგენისთვის“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, მაღალტექნოლოგიური ინოვაციური პროექტების განაცხადებს აფასებს ჟიური, რომელიც შედგება „სილიკონ ველის“ წარმომადგენელი ექსპერტებისგან. „მათი ძირითადი ამოცანაა, რომ პროექტებში ნახონ ის გლობალური განვითარების პოტენციალი, რომელიც ინოვაციურ პროექტებს ახასიათებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პროექტებს თავისი შინაარსით შეუძლიათ, მსოფლიო ბაზარზე კომერციალიზაცია და რამდენიმე ათეული მილიონის საინვესტიციო პოტენციალის ან გაყიდვების შექმნა”, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.
დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება ფინალური ეტაპი, როდესაც ჟიურის წევრები ინვესტორებთან ერთად საბოლოო პრეზენტაციებს მოისმენენ და შესაბამისად, გამარჯვებულებს გამოავლენენ.  „დღევანდელი ღონისძიება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ დღეს ვნერგავთ ახალ კულტურას და ვამბობთ, რომ მხოლოდ იდეა და ფული არ არის საკმარისი, ამას სჭირდება ასევე სწორი მიწოდება და პროცესი იმისთვის, რომ იდეა და დაფინანსება კონკრეტულ საქმეში გადაიზარდოს“ განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, ამ  ეტაპზე შეირჩა მხოლოდ მაღალტექნოლოგიური ინოვაციური პროექტები, რომლებიც ორიენტირებულები  იყვნენ გლობალურ ბაზარზე.  რაც შეეხება პროექტებს, რომლებიც ვერ გადავიდნენ ფინალში და ასევე ქართულ ბაზარზე ორიენტირებულ სხვა პროექტებს, სააგენტოს ინფორმაციით,   მიმდინარეობს მუშაობა გარკვეულ ნაბიჯებზე, რომელიც  ხელს შეუწყობს და დაეხმარება  მათ  შემდგომ განვითარებაში.
ტექნოპარკში დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად  საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე  ნათია თურნავა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ქაშიბაძე იმყოფებოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები