ენერგეტიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ენერგეტიკის სამინისტრო თურქეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოსთვის წლების წინ მოწოდებული ელექტროენერგიის დავალიანებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ეხმაურება.
როგორც უწყებაში განმარტავენ, 1990 წლიდან 1997 წლამდე თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში მოწოდებული და დაუბრუნებელი ელექტროენერგიის ჯამური ოდენობა დაახლოებით 1 700 000 000 კილოვატ საათს შეადგენდა.
მათივე განცხადებით, აღნიშნული დავალიანება აღიარებული იქნა ჯერ კიდევ 1997 წელს ორმხრივად ხელმოწერილი ოქმით, საქართველოს ენერგეტიკის მაშინდელი მინისტრის მიერ, თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის დროს.
„ენერგეტიკის სამინისტრო ეხმაურება ბოლო პერიოდში მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას,თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში მოწოდებული ელექტროენერგიის დავალიანებასთან დაკავშირებით და საკითხის მიმართ მეტი სიცხადის მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ 1990 წლიდან 1997 წლამდე თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში მოწოდებული და დაუბრუნებელი ელექტროენერგიის ჯამური ოდენობა დაახლოებით 1 700 000 000 კილოვატსაათს შეადგენდა. აღნიშნული დავალიანება აღიარებული იქნა ჯერ კიდევ 1997 წელს ორმხრივად ხელმოწერილი ოქმით, საქართველოს ენერგეტიკის მაშინდელი მინისტრის მიერ, თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის დროს.
2015 წლის აპრილში ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობას და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორმხრივ ხელშეკრულებას ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულებით ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასთან, ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის გაძლიერებასთან, ახალი ურთიერთდამაკავშირებელი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობასთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად მოხდა ზემოთხსენებული ელექტროენერგიის დავალიანების შემცირება 1,7 მლრდ კვტ/სთ-დან 1 მლრდ კვტ/სთ-მდე და მისი უკან – თურქეთის რესპუბლიკისთვის დაბრუნების რესტრუქტურიზაცია. კერძოდ, მისი დაბრუნების ვადად განისაზღვრა 20 წელი. დაბრუნება მოხდება ნაწილ-ნაწილ ელექტროენერგიის მიწოდების გზით.
გარდა ამისა, გვსურს განვაცხადოთ, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის მრავალწლიანი სტრატეგიული თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში გრძელდება, რისი ნათელი მაგალითებიც არის ყველა ის ერთობლივი პროექტი, ინვესტიციები და ორმხრივი მექანიზმები, რომლებიც შეიქმნა, განხორციელდა და მომავალშიც გაგრძელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები