პრეზიდენტის მრჩეველი ადგილობრივი და საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე ადგილობრივი და საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ის პრობლემური საკითხები განიხილეს, რომლებიც აუდიტორული კომპანიების წინაშე დგას. შეხვედრის დასრულების შემდეგ მაია მელიქიძის განცხადებით სამი ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა. ერთ-ერთი მათ შორის მოგების გადასახადის გაუქმებას და მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე გადასვლას ეხება, რომელიც 2017 წლის 1 იანვრიდან შედის ძალაში. ესტონური მოდელის მიხედვით, კომპანიები არ გადაიხდიან მოგების გადასახადს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ისინი გაიტანენ დივიდენდს, დაიბეგრება მხოლოდ დივიდენდები. „პრემიერმინისტრის ინიციატივა მისასალმებელია, რადგან მოხდება თანხის ინვესტირება კერძო სექტორში. აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლებიც პოზიტიურად აფასებენ ესტონურ მოდელზე გადასვლას, თუმცა, მათი აზრით კარგი იქნება თუ კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს მიეცემათ არჩევანის საშუალება, რადგან ამ პროცესს თან სდევს გარკვეული ხარვეზები, რომლებმაც შესაძლებელია პრაქტიკაში იჩინონ თავი. ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან, თუ რამდენად მზად არის შემოსავლების სამსახური ესტონურ მოდელზე გადასასვლელად,”- განაცხადა მაია მელიქიძემ.
შეხვედრისას ასევე საუბარი შეეხო საგადასახადო კოდექსის გარკვეულ კომპონენტებს, რომლის ინტერპრეტაციას ბიზნესი და თავის მხრივ სახელმწიფო თავისებურად ახდენს. პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლები ხშირად ეჯახებიან ამ პრობლემას კონსულტაციის გაწევისას, რადგან რთულია განსაზღვრო კონკრეტული მუხლის როგორი ინტერპრეტაცია შეიძლება გააკეთდეს ისე, რომ კომპანია არ დაზარალდეს. „საგადასახადო პოსტულატების ინტერპრეტაცია ბუნდოვანებას ქმნის კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, რადგან კერძო სექტორი ერთი მიმართულებით აკეთებს ინერპრეტაციას, ხოლო სახლემწიფო სექტორმა შესაძლებელია სხვა მიმართულებით მოახდინოს ინტერპრეტაცია. თუკი შეიქმნება საგადასახადო კოდექსის პოსტულატების უნივერსალური ინტერპრეტაცია ძალიან კარგი და მისაღები იქნება აუდიტორული კომპანიებისთვის, იმიტომ რომ მათ ხშირად უწევთ კონსულტაცია გაუწიონ კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს და ძალიან ხშირად ექმნებათ გარკვეული სირთულეები კონსულტაციის გაწევის პროცესში,”- აღნიშნა მაია მელიქიძემ.
პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით აუდიტორული კომპანიის წარმომადგენლებისთვის ასევე პრობლემას წარმოადგენს ინვესტიციის, როგორც ტერმინის განმარტების არ არსებობა. “როდესაც უცხოელი ინვესტორები შემოდიან ქვეყანაში და ხშირად საჭიროებენ კონსულტაციას ამ მიმართულებით იქმნება გარკვეული პრობლემები, რადგან არ არსებობს ტერმინის მკაფიო და ცალსახა განმარტება”.
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას PwC Georgia, Ernst & Young, Kreston International, Crowe Horwath, Grant Thornton Akhvlediani აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის მაია მელიქიძის განცხადებით აუდიტორულ კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები