სერგეენკო ბესელიასა და ქუცნაშვილის შეკამათებაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს
დავით სერგეენკო საპარლამენტო უმრავლესობის წევრების: ეკა ბესელიასა და ზაქარია ქუცნაშვილის შეკამათებას “ჩვეულებრივ სამუშაო პროცესს” უწოდებს. როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, ის არ ფიქრობს, რომ რაღაც განსაკუთრებული ხდება.
“სამუშაო პროცესში, რა თქმა უნდა, იქნება მსჯელობა, დისკუსია და განსხვავებული აზრი. ჩემი აზრით, ეს ნორმალურია“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. გუშინ უმრავლესობის დახურული სხდომა გაიმართა, რომელზეც ეკა ბესელია და ზაქარია ქუცნაშვილი ხმამაღლა შეკამათდნენ. კამათის მიზეზი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა გახდა, სადაც შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საკითხის განხილვა პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარეობდა. ქუცნაშვილის თქმით, კომიტეტის სხდომა ნაჩქარევად ჩატარდა, რის გამოც ბევრ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი გაუცემელი დარჩა. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ერთ-ერთი დეპუტატი პრემიერ-მინისტრს ტელეფონით ესაუბრა, რაც ეკა ბესელიას უკმაყოფილების მიზეზი გახდა. ეკა ბესელიას განცხადებით კი, უმრავლესობის სხდომაზე აზრის სხვადასხვაობა არ ყოფილა, მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დააფიქსირა განსხვავებული მოსაზრება, დანარჩენი კი ყველა ერთიან პოზიციაზე იყო.