„ვერავის მივცემთ საშუალებას, ადამიანების ტრაგედიით მანიპულაციები დაიწყოს“
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომის შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ სხდომაზე განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, უმცირესობის წევრებს სინამდვილეში საერთოდ არ აინტერესებდათ, რომ ინფორმაცია მიეღოთ თათუხაშვილის საქმეზე, რადგან მათ მიზანს მასკარადის დადგმა წარმოადგენდა.
„ ჩვენ მივეცით მათ შესაძლებლობა, რომ მიეღოთ ინფორმაცია, მაგრამ ვნახეთ, რომ სინამდვილეში ეს არ აინტერესებთ. ამიტომ ერთი საათის შემდეგ მივიღეთ სხდომის დასრულების გადაწყვეტილება. კომიტეტი გააგრძელებს პროკურატურასთან მუშაობას, რომ ყველა საჭირო ინფორმაცია მივიღოთ. ბუნებრივია, ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ მასკარადი დაიდგას და ადამიანების ტრაგედიით დაიწყონ მანიპულაციები. თუ აინტერესებდათ ინფორმაციის მიღება, ეს შესაძლებლობა ჩვენ მივეცით, მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რომ მათ ეს ინტერესი არა აქვთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.