ფეისბუქზე კვაჭანტირაძე – ხიდაშელს შორის მწვავე პოლემიკა გაიმართა
მინისტრობიდან ოპოზიციაში გადასვლას თუ ეიფორიული განცდა მოსდევს არ უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ ემოციებს უნდა გაუმკლავდე და კონსტრუქციული ოპონირება უნდა შეძლო, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე სავარაუდოდ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინათინ ხიდაშელის მისამართით წერს.
“საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების ერთიანი ძალისხმევით დაძლევის მოწოდება ბოლშევიზმი არაა. მინისტრობიდან ოპოზიციაში გადასვლას თუ ეიფორიული განცდა მოსდევს არ უნდა გაგვიკვირდეს არავის, მაგრამ ემოციებს უნდა გაუმკლავდე და კონსტრუქციული ოპონირება უნდა შეძლო იმ ხელისუფლების, რომლის წევრიც სულ რამდენიმე საათია რაც აღარ ხარ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ ეს ადამიანური ეთიკის საკითხია და ამის გააზრება არაა რთული ამბავი”, – წერს ზვიად კვაჭანტირაძე ფეისბუქზე, რომლის კომენტარსაც იქვე თავდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი გამოეხმაურა: “ჩემო საყვარელო ზვიად, პოლიტიკური უკულტურობა ის იყო შენი თანაპარტიელები მინისტერიალზე მყოფ თავდაცვის მინისტრს შეურაცყოფას რომ აყენებდნენ. გამოწვევების ერთიანად დაძლევა კი ერთიანობას ნიშნავს და არა ეთპარტიულობას. ასეა ეს და მაინცდამაინც პოლიტიკურ კულტურაზე თავს ნუ გამოიდებთ თორემ მეჭიაურის ხატის მფარველობა აღარ გეყოფათ”, – უპასუხა კვაჭანტირაძეს ხიდაშელმა.