ვოლსკი პაპუაშვილის განცხადებას აფასებს – “მოსამართლეების ნაწილი არ დათანხმდა და მათ გადაარჩინეს ქვეყანა”

მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, რომელის თანახმადაც, გამოკითხული მოსამართლეები პროკურატურის მხრიდან ზეწოლას უარყოფენ, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი გამოეხმაურა.
მისი თქმით, პროკურატურის ინფორმაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ამ საქმეში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის პოლიტიკური დაინტერესება.
”როდესაც პროკურატურამ გამოაქვეყნა განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით, ამან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პაპუაშვილის პოლიტიკურ დაინტერესებას. ისიც ძალიან ნიშანდობლივია, რომ გიორგი პაპუაშვილი წინასწარ ამბობდა პროკურატურის მიმართ უნდობლობას. ის ამასაც ვერ ასახელებს რასთან დაკავშირებით არის ზეწოლა, რა მექანიზმით ხორციელდებოდა და რა საკითხზე, ან ვინ ვისზე ახდენდა ზეწოლას. მე არ ვიცი როგორ უნდა გააგრძელოს საკონსტიტუციო სასამართლოს ასეთმა თავმჯდომარემ თავისი საქმიანობა და როგორ უნდა იყოს საყრდენი ქვეყანაში კონსტიტუციური მართლწესრიგის”, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, აშკარა პოლიტიკური თამაში წამოიწყო გიორგი პაპუაშვილმა.

”20 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ხმები გაიყო 4-4- ზე და არ დაკმაყოფილდა ”ნაციონალური მოძრაობის” სარჩელი. ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვიტყვი, რომ იმ სარჩელით, რომელსაც მხარს უჭერდა გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე და მაია კოპალეიშვილი, საარჩევნო კოდექსის არაკონსტიტუციურად ცნობა უნდოდათ, თუმცა არაკონსტიტუციური იქ არაფერი ყოფილა. ეს გადავამოწმე ვახტანგ ხმალაძესთან, რომელიც არ არის ის კაცი, რომელიც პოლიტიკური ნიუანსისთვის სიმართლის თქმაზე უარს იტყვის. რომ არა ცვლილება კანონში საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ, საარჩევნო კოდექსს არაკონსტიტუციურად ცნობდა პირველი კოლეგია, რომელსაც ასეთ პოლიტიკურ საქმეებს აწერს გიორგი პაპუაშვილი. მიიღებდა ისეთ გადაწყვეტილებას, რომლითაც გააუქმებდა საარჩევნო კოდექსის ისეთ ნაწილს, რომელიც ქვეყანაში შექმნიდა პოლიტიკურ კრიზისს და სრულ ქაოსს არჩევნების წინ. ამ მიზანს ვერ მიაღწიეს. მოსამართლეების ნაწილი არ დათანხმდა და მათ გადაარჩინეს ქვეყანა უსამართლო გადაწყვეტილებისგან, რომელიც შექმნიდა კრიზისს. მეორე დღეს გამოვიდა გიორგი პაპუაშვილი და ”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მარცხისგან გაწბილებულმა გააკეთა განცხადება, რომ ზეწოლა მიმდინარეობს მოსამართლეებზე. აქედან გამომდინარე, თქვენმა მკითხველმა გადაწყვიტოს რამდენად საფუძვლიანია მისი განცხადება”, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს ე.წ. თავმჯდომარე საგანგებო კრიზისული ვითარების შექმნას ცდილობდა.

”არანაირი ბერკეტი ხელისუფლებას არ გააჩნია. ბერკეტი და გამოსავალი არის ერთი, რომ მოსამართლეების ნაწილმა გაითვალისწინოს ის თუ რასთან და ვისთან გვაქვს საქმე. ეს არის ერთადერთი ბერკეტი. ეს არის პაპუაშვილის და ”ნაციონალური მოძრაობის” სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება”, – განმარტა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები