საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ედვარდ ნალბანდიანს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
საქართველოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოხატა ერევანში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო და ვითარების სწრაფად დარეგულირების იმედი გამოთქვა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველო-სომხეთს შორის პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო, ტურიზმის, ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების მზარდი დინამიკის ფონზე, სომხეთთან სხვადასხვა მიმართულებებში ურთიერთობის გაღრმავების სურვლი გამოითქვა.
მხარეებმა რეგიონში არსებული ის გამოწვევები განიხილეს, რომლებიც გავლენას ახდენენ რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე.
შეხვედრისას, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების ფონზე, ხაზი გაესვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობასაც.