“ძალადობისგან დაცვის ეროვნული ცენტრი” არასრულწლოვან ორსულთა საგანგაშო სტატისტიკას ასაჯაროვებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ თავმჯდომარე ნატო შავლაყაძე ძალადობისგან დაცვის თავშესაფარში შექმნილი საგანგაშო ვითარებისა და მასში სახელმწიფოს ჩართულობის გააქტიურების აუცილებლობაზე საუბრობს.
როგორც „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე შავლაყაძემ განაცხადა, ბოლო წლების სტატისტიკის მიხედვით, თავშესაფარში ორსული არასრულწლოვნების მიღებამ იმატა, რომელიც არასამთავრობო სექტორის რესურსს საგრძნობლად აღემატება.
„სტატისტიკის მიხედვით, თავშესაფარში არასრულწლოვანი ორსულების მიღების ასეთი დიდი რაოდენობა არასდროს გვქონია. საგანგაშო ვითარებაა შექმნილი და პრობლემის გადაჭრას კომპლექსური მიდგომა სჭირდება, სადაც მნიშვნელოვანია განათლების სამინისტროს აქტიური ჩართულობა. აუცილებელია არსებულ პროგრამებში არაერთი, მათ შორის, რეპროდუქციული განათლებასთან დაკავშირებული საკითხების დამატება,“- განაცხადა ნატო შავლაყაძემ.
მისი თქმით, თავშესაფარს ორსული არასრულწლოვნები აკითხავენ, რომლებიც, ძირითადად, არიან შიშისგან ოჯახებიდან გამოქცეულები და მათი ასაკი 14 წლიდან იწყება. რამდენიმე მათგანი პოლიციამ მოიყვანა, რის შესახებაც მშობლებმა ბავშვის დაბადებამდე არაფერი იცოდნენ, ხოლო ამბის გაგების შემდეგ საკუთარი ოჯახების მხრიდან საქმე მოზარდის განადგურებამდეც მივიდა. ამჟამად, თავშესაფარში გვყავს 80 წლის ქალბატონიც. საქმე აღძრულია მისი მეუღლის მიმართ 126-ე პრიმა მუხლით და პროცესი მიმდინარეობს. ასევე გვყავს სამი დედა, რომელთაგან ერთი არასრულწლოვანია“, -განაცხადა მან.
ნატო შავლაყაძის აზრით, ოჯახში ძალადობის კუთხით განათლებისა და ცნობიერების ასამაღლებლად სხვადასხვა კამპანიაა ჩასატარებელი და აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით, შარშან კარგად იმუშავა შსს-ს მიერ ჩატარებულმა კამპანიამ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში განხორციელდა.
მისივე თქმით, სახელმწიფოს გააჩნია თავშესაფრები, რომელიც საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ყველა მიიღოს, ვისაც სახელმწიფოს დახმარება სჭირდება. აღნიშნული მიზეზის გამო კი, არასამთავრობო ორგანიზაცია ძალიან ხშირად კრიზისული ცენტრის ფუნქციას ასრულებს, ვიდრე ადგილი გათავისუფლდება და კონკრეტული ადამიანი სტატუსს მიიღებს.
„გვაქვს ადგილის პრობლემა, რადგან თავშესაფარი ოფიციალურად 10 ადამიანზეა გათვლილი და რეალურად ყოველთვის უფრო მეტი გვყავს. ყოფილა შემთხვევა, როცა მოგვიწია „ჰოსტელის“ დაქირავებამ, რათა რამდენიმე ადამიანი ქუჩაში არ დარჩენილიყო. გვეხმარება საპატრიარქოს თავშესაფარი, სახელმწიფოც აქტიურად არის ჩართული პროცესში, მაგრამ ეს საკმარისი არ არის“, – განაცხადა ნატო შავლაყაძემ.
მისი განცხადებით, არასრულწლოვანების ორსულობის სტატისტიკის მატების ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის გაზრდამ, ამგვარი ფაქტების გასაჯაროება-გამოაშკარავება გამოიწვია, რისთვისაც სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორი მზად არ აღმოჩნდა.
„ასე ხდება ყველა ქვეყანაში, როცა ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხი მატულობს. დღეს მომართვიანობა გაზრდილია, მაგრამ ჩვენ და სახელმწიფო მზად არ ვართ იმ სერვისებით, რაც მათ ესაჭიროებათ“, – განაცხადა ნატო შავლაყაძემ.
მისივე ინფორმაციით, კრიზისული ცენტრის შესაქმენლად ეკონომიკის სამინისტრომ უზურ-ფრუქტით 15 წლის განმავლობაში სარგებლობისთვის საკმაოდ დიდი შენობა გამოყო, სადაც გათვლა 20 ადამიანზეა, მაგრამ საჭიროების შემთხვეევაში, ალბათ, მეტ მოქალაქესაც მოემსახურება.
კრიზისული ცენტრის ფუნქცია თავშესაფრისგან განსხვავებით ის არის, რომ ცენტრში ადამიანები ხვდებიან, ვიდრე ისინი ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსს მიიღებენ. ან ვიდრე მათი სხვადასხვა თავშესაფარში გადანაწილება მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები