თელავის №2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი სრულად განახლებულ შენობაში დაიწყო
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, თელავის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს რეაბილიტირებულ შენობაში შეხვდნენ.
350 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის სრული რეაბილიტაცია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს მიულოცეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა ურუშაძემ, საქართველოს პარლამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. მათ ახალი შენობა მოსწავლეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად დაათვალიერეს.
სკოლაში მოწყობილია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახები, სპორტული მოედნები, ეზო და უსაფრთხოების სისტემები. შენობაში განთავსებულია, ასევე, ბიბლიოთეკა და ლაბორატორია, სადაც მოსწავლეები თეორიულთან ერთად, პრაქტიკული ცოდნის მიღებას შეძლებენ.
სკოლა სრულად არის ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის, რაც უზრუნველყოფს ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობას.
„პირველ ყოვლისა, სასწავლო წლის დაწყება მინდა მივულოცო ყველა სკოლის მოსწავლეს საქართველოს მასშტაბით და განსაკუთრებით თელავის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს. ამ სკოლის რეაბილიტაცია სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა და ვულოცავ მათ როგორც სასწავლო წლის დაწყებას, ისე ახალ შენობაში სწავლის განახლებას. მთავრობისა და სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქვეყნის სასკოლო ინფრასტრუქტურის უმოკლეს ვადაში მოწესრიგება და ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ ყველა სკოლის მოსწავლეს ჰქონდეს შესაბამის პირობებში სწავლის საშუალება“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
რეაბილიტაციის განხორციელებამდე, თელავის №2 სკოლის მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება.
დღეს კი მათ შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ უსაფრთხო, კომფორტული და თანამედროვე სასკოლო გარემოთი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სწავლების ხარისხს.
თელავის №2 საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა, საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განახლდა. პროექტის საერთო ღირებულება 5.3 მილიონ ლარს შეადგენს.