აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო კვირას ისრაელში ჩავიდა, მას შემდეგ, რაც ისრაელმა თავდასხმები ჩრდილოეთ ღაზას სექტორზე გააძლიერა.
დარტყმების შედეგად კიდევ ერთი მაღალსართულიანი შენობა განადგურდა და სულ მცირე, 12 პალესტინელი დაიღუპა.
რუბიომ ვიზიტამდე განაცხადა, რომ ის ისრაელის ოფიციალური პირებისგან პასუხებს მიიღებს იმის შესახებ, თუ როგორ ხედავენ ისინი ღაზაში მომავლის გზას ისრაელის მიერ გასულ კვირას კატარში, “ჰამასის” ოპერატიულ ძალებზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, რამაც კონფლიქტის დასრულების შუამავლობის მცდელობებს ხელი შეუშალა.
ცნობისთვის, ისრაელმა ღაზას ქალაქზე თავდასხმის გაძლიერება გასული თვის ბოლოს დაიწყო და განაცხადა, რომ მისი მიზანი “ჰამასის” მიერ დაკავებული დარჩენილი მძევლების გათავისუფლება იყო.
ისრაელი ყველა მშვიდობიან მოქალაქეს მოუწოდებს, დატოვოს ქალაქი და წავიდეს მავასიში, რომელიც ჰუმანიტარულ ზონად არის გამოცხადებული.