„პასუხის პასუხი“ – საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავა კოლეგებს პასუხობს

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების განცხადებას, რომელიც ე.წ. კაბელების სარჩელის რეგისტრაციას ეხება, ამავე სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავა გამოეხმაურა.
კითხვაზე, ვის შეიძლებოდა დაერღვია კანონი, ან როგორ მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელების გადანაცვლება, მერაბ ტურავა პასუხობს:
“მე საკითხი დავსვი ასე, თუ რატომ მოხდა სარჩელების ჩანაცვლება. მითხრეს, რომ არ არის კანონდარღვევა. ეს შეიძლებოდა მომხდარიყო მოსამართლის მხრიდან, ან რეგისტრატორის მხრიდან და მათი მხრიდან ვისაც სარჩელებთან აქვს შემხებლობა. არავითარი პოლიტიკური სივრცე. პირიქით, პოლიტიკური საკითხი იმ მოსამართლეებმა დააყენეს, რომლებიც მოსამართლესთან შეუთანხმებლად, გამოვიდნენ და თქვეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე, თუ კონკრეტულ მოსამართლეზე ხდება ზეწოლა“, – აცხადებს მერაბ ტურავა.
ამ ეტაპზე, მერაბ ტურავა ვერ აკონკრეტებს, დაესწრება თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმის განხილვას.
მისი განმარტებით, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილებას, მოსამართლეებთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი და კონსტანტინე ვარძელაშვილი ე.წ. კაბელების სარჩელის რეგისტრაციასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრის, მამუკა მდინარაძისა და მოსამართლე მერაბ ტურავას მხრიდან გამოთქმულ მოსაზრებებს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურნენ.
”პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრის, ბატონი მამუკა მდინარაძის და მოსამართლე მერაბ ტურავას მიერ მედიით გამოითქვა ვარაუდი, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული პირების კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაცია შესაძლოა, განხორციელებულიყო კანონის მოთხოვნათა დარღვევით.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაცია განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ განმწესრიგებელი სხდომის ეტაპზე, მოსამართლე მერაბ ტურავას განემარტა სარჩელის რეგისტრაციასთან დაკავშირებული მისთვის საინტერესო ყველა სამართლებრივი საკითხი. მიღებული განმარტებების შედეგად, მოსამართლე ტურავამ მხარი დაუჭირა სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებას. ამდენად, გაუგებარი და საეჭვოა მოსამართლე მერაბ ტურავას მიერ აღნიშნული საკითხის პოლიტიკურ სიბრტყეში ხელახლა განხილვის მცდელობა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ყველა დაინტერესებულ პირს მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია, რათა არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები.
როგორც უკვე აღინიშნა, სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე მოსარჩელე მხარეს აქვს უფლება, სასამართლოს წარუდგინოს დამატებითი ინფორმაცია, მტკიცებულებები და მოსაზრებები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავდაპირველ სარჩელში მოსარჩელემ არ მიუთითა მისთვის მნიშვნელოვანი არგუმენტები, მას გარანტირებული აქვს შესაძლებლობა, წარმოადგინოს დამატებითი ინფორმაცია საქმის განხილვამდე, განხილვის პროცესში ან მას შემდეგ. სადავო საკითხის გადაწყვეტისას, საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ ამგვარ დამატებით ინფორმაციას. მოსარჩელე მხარე ასევე უფლებამოსილია, ახალი სარჩელით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ მას არსებითად განსხვავებული მოთხოვნის დაყენება სურს.
ასეთ შემთხვევაში, და მით უფრო, დავის საგნის შინაარსობრივი მსგავსებისას, საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც წესი, აერთიანებს კონსტიტუციურ სარჩელებს და განიხილავს მათ ერთობლივად. ამდენად, პრაქტიკულად აზრს მოკლებულია სარჩელის „ჩანაცვლება“ იმ მიზნით, რომ დამატებული იქნას არგუმენტები, ან დაემატოს/დაზუსტდეს კონსტიტუციის ნორმები. სარჩელის რეგისტრაციის დღეს, ან რეგისტრაციიდან უახლოეს პერიოდში, განმწერისგებელი სხდომის ჩატარებამდე, სარჩელის შინაარსთან დაკავშირებით რაიმე სახის უკანონო მანიპულაციის განხორციელება უშინაარსო და ფუჭი ქმედება იქნება.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს კანცელარიის თანამშრომლები, კანონით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, კონსულტაციას უწევენ მოსარჩელეებს, რათა უზრუნველყონ სარჩელის შესაბამისობა კანონით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებთან. ამდენად, ხშირია შემთხვევები, როდესაც რეგისტრაციის პროცესში, სასარჩელო განცხადების თავდაპირველი ტექსტი განიცდის სახეცვლილებას.
ე.წ კაბელების საქმეზე ბრალდებულებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს მიმდინარე წლის 3 ივნისს.
რეგისტრაციის პროცესში, კანცელარიის თანამშრომლების მხრიდან მოსარჩელეთა წარმომადგენლებს გაეწიათ კონსულტაცია სასარჩელო განცხადების ფორმასთან დაკავშირებით.
მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად მიუთითეს კონსტიტუციის ის ნორმები, რომელთა დარღვევაზე დავობდნენ.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სარჩელის დაზუსტება და განვრცობა განხორციელდა რეგისტრაციის პროცესში, ერთი სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო დაზუსტებული სარჩელის ელექტრონული ვერსია, სარჩელის რეგისტრაციიდან მეორე დღეს (4 ივნისს), გაეგზავნა პირველ კოლეგიას ელექტრონული ფოსტით. მიმდინარე წლის 6 ივნისს, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ, მოსამართლე მერაბ ტურავას მონაწილეობით, ერთხმად დაუჭირა მხარი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებას”, – ნათქვამია განცხადებაში,

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები