“ტურისტებისთვის მომსახურების ეფექტიანობა უფრო გამარტივდება“
შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მესტიის მე-5 ქვეგანყოფილების გახსნის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მინისტრმა განაცხადა, უკანასკნელი დროის განმავლობაში სვანეთის რაიონში ტურისტების რაოდენობამ მოიმატა, შესაბამისად, გაიზარდა შემთხვევებიც. მის თქმით, აქედან გამომდინარე, რაიონში დამატებით ახალი დანაყოფის აშენება გახდა საჭირო. მაშველებს გადაეცათ სხვადასხვა აღჭურვილობა და სპეცაღჭურვილობა, ასევე სპეცტექნიკა. კიდევ დაემატება რამდენიმე სპეცტექნიკა. მინისტრის თქმით, ეს შსს-ს თანამშრომლების ეფექტურ მუშაობას შეუწყობს ხელს.
“უკანასკნელი დროის განმავლობაში სვანეთის რაიონში მოიმატა ტურისტების რაოდენობამ, რამაც გამოიწვია შემთხვევები, როდესაც ტურისტები მთიან ტერიტორიებზე, გაუსაძლის სიტუაციებში ჩავარდნენ, რის გამოც დამატებით ახალი დანაყოფის აშენება დაჭირდა ამ რაიონს. აშენდა საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სვანეთის დანაყოფი, რომელიც მოემსახურება ამ რაიონს და ტურისტებისთვის უფრო გამარტივდება მომსახურების ეფექტიანობა. მაშველებს გადაეცათ სხვადასხვა აღჭურვილობა და სპეცაღჭურვილობა, ასევე სპეცტექნიკა. კიდევ დაემატება რამდენიმე სპეცტექნიკა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს თანამშრომლობას ეფექტურ მუშაობაში“, – განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ.