ემზარ ჯგერენაია: ეროვნულმა ბანკმა, კეთილი ინებოს და მოგვცეს გეგმა, როდის მიუახლოვდება თარგეითს

ეროვნულმა ბანკმა, კეთილი ინებოს და, მოგვცეს გეგმა, როდის მიუახლოვდება თარგეითს, ან როდის შეცვლის მას, ან გასცეს პასუხი შეკითხვას, საერთოდ საჭიროა თუ არა ლარის ინფლაციის თარგეითირება.

ამის შესახებ ეკონომიკური საკითხების ექსპერტმა, პროფესორმა ემზარ ჯგერენაიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე რეფინანსირების განაკვეთის შემცირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველას სურს მოისმინოს პასუხი, რა ხდება ლარის ირგვლივ, მაგრამ ოფიციალური სტრუქტურები ცდილობენ, პრობლემა შორეულ პერსპექტივაში გადაიტანონ. „დედოლარიზაცია რამდენიმეწლიანი თემაა და სწორედ ამ თემის ნაწილი მგონია გუშინდელი სხდომა. რას ნიშნავს, რომ საბაზისო განაკვეთმა 25 პუნქტით დაიწია. თეორიულად ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ეკონომიკას ვაწვდით იაფ ფულს. ეროვნული ბანკი ცდილობს, მხარი დაუჭიროს ეკონომიკის განვითარებას და ამიტომ ეკონომიკას იაფ ფულს აძლევს. პრაქტიკულად, იმის გამო, რომ გადაცემის ბერკეტები ეროვნულ ბანკს სუსტი აქვს, ეკონომიკის ზრდაზე დიდი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია. ეროვნული ბანკი ღებულობს ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, როცა თარგეითი 5%-ია და, ამის მიუხედავად, ინფლაცია თარგეითს დაბლაა, ეს კარგი არ არის. ჩვენ თუ თარგეითი 5% გვაქვს, უნდა ვეცადოთ, მას მივუახლოვდეთ. ეროვნულმა ბანკმა კეთილი ინებოს და მოგვცეს გეგმა, როდის მიუახლოვდება თარგეითს, ან როდის შეცვლის მას. ასევე გვიპასუხოს, საჭიროა თუ არა, ინფლაციის თარგეითირება. ეროვნული ბანკი ისე ამბობს, რომ მან გარკვეული ნაბიჯების გადადგმის შემდეგ ინფლაციის მაჩვენებლის ლოკალიზება მოახდინა, რაც სწორი არ არის,“ – განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები