კახა სოფრომაძე: სასამართლო სისტემის დიდი ნაწილი ყოველგვარი ზეწოლისგან თავისუფალია
რაიმე ოფიციალური განცხადება კონკრეტული მოსამართლეების მხრიდან ზეწოლასთან დაკავშირებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ დაფიქსირებულა.
ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში“ გამართულ პრესკონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა კახა სოფრომაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემის დიდი ნაწილი ყოველგვარი ზეწოლისგან თავისუფალია.
„შეიძლება ცოტა სუბიექტური ვიყო, რადგან პროცესებს შიგნიდან ვუყურებ, მაგრამ ვიდრე იუსტიციის საბჭოს წევრი გავხდებოდი, მანამდე მოქმედი ადვოკატი ვიყავი და საკმაოდ კარგ ანალიზს ვაკეთებდი, თუ რა ხდებოდა სასამართლო სისტემაში წინა პერიოდში. ჩემი და ბევრი ადვოკატის შეფასებით, პროცესები წინ მიდის, შესაბამისად, სასამართლო სისტემის მუშაობის სტილი და ფორმები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. რა თქმა უნდა, იდეალური სასამართლოსგან შორს ვართ, რადგან სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას ათეულობით წელი სჭირდება ქვეყანაში. მთავარია, რომ სასამართლო სისტემამ იაროს სწორი გზით და მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები“, – განაცხადა კახა სოფრომაძემ. იგი მიიჩნევს, რომ დღეს, ფაქტობრივად გამორიცხულია და იუსტიციის საბჭოს არ სმენია, რომ სასამართლოებზე რაიმე პოლიტიკური და ადმინისტრაციული ზეწოლა არსებობდეს. „ამ კუთხით, სასამართლო და მოსამართლეები თავისუფალნი არიან. მათ აქვთ თავიანთი გადაწყვეტილებები, რომელსაც შინაგანი რწმენით და მტკიცებულებებში წარმოდგენილი ფაქტების ანალიზის შედეგად იღებენ. ეს არის მათი ძირითადი საქმე და თუკი ადრე გარკვეულ ზეწოლებზე საუბარი იყო, დღეს ასეთი საუბარი ფაქტობრივად აღარ არსებობს, იმის გარდა, თუკი გარკვეული დაინტერესებული მხარის მიერ არ იქნება საუბარი. ყოველ შემთხვევაში, სასამართლო სისტემის დიდი ნაწილი ყოველგვარი ზეწოლისგან თავისუფალია.