კახა სოფრომაძე: გვყავს ის მოსამართლეები, რა კანდიდატებიდანაც შეირჩა და გვაქვს ის სასამართლო, რა რესურსიც დღეს ქვეყანას აქვს
საქართველოში ძალიან ცოტაა მოსამართლეობის მსურველი და ძალიან ცოტა გვყავს ისეთი ადამიანი, ვისაც შეუძლია მოსამართლე გახდეს იმ ფონზე, როცა გაორმაგებულია საქმეების რაოდენობა და სასამართლოში არ არის მოსამართლეების საკმარისი რაოდენობა.
დამერწმუნეთ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არა აქვს ფუფუნება, რომ ტალანტები ეძებოს და რეალური სურათი არ გაითვალისწინოს. გვყავს ის მოსამართლეები, რა კანდიდატებიდანაც შეირჩა და გვაქვს ის სასამართლო, რა რესურსიც დღეს ქვეყანას აქვს.
ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა კახა სოფრომაძემ მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურის შედეგების შეფასებისას განაცხადა.
მისი განცხადებით, ყველასთვის მისაღები კანდიდატი არ შეიძლება ქვეყანაში არსებობდეს და შესაბამისად, არჩეული იქნას მოსამართლედ, მაგრამ თუ მისი დანიშვნით არსებული სტანდარტი და კანონი არ ირღვევა, იუსტიციის საბჭო იღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც იღებს.
„მოსამართლეობის კანდიდატს თავისი მინიმალური მოთხოვნები გააჩნია და თუ ის ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს კონკურსში. თუ კანდიდატების უმრავლესობა ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, იუსტიციის საბჭო არის კოლეგიალური ორგანო და გადაწყვეტილებას იღებს მისი 2/3, მინიმუმ 10 ადამიანი.
ყველასთვის მისაღები კანდიდატი არ შეიძლება ქვეყანაში არსებობდეს და შესაბამისად, არჩეული იქნას მოსამართლედ, მაგრამ თუ მისი დანიშვნით არსებული სტანდარტი და კანონი არ ირღვევა, იუსტიციის საბჭო იღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც იღებს. ჩვენ მივიღეთ ის მოსამართლეები, ვინც ახლა გვყავს.
მართალია, ძალიან ბევრი ღირსეული კანდიდატი გარეთ დარჩა, მაგრამ იუსტიციის უმაღლესი საბჭო შემდგომი გადაწყვეტილებით გზას გაუხსნის ყველა ღირსეულ კანდიდატს და მოსამართლეს, რომ მიიღონ მონაწილეობა კონკურსში და არჩეული იქნენ მოსამართლის თანამდებობაზე.
საქართველოში ძალიან ცოტაა მოსამართლეობის მსურველი და ძალიან ცოტა გვყავს ისეთი ადამიანი, ვისაც შეუძლია მოსამართლე გახდეს იმ ფონზე, როცა გაორმაგებულია საქმეების რაოდენობა და სასამართლოში არ არის მოსამართლეების საკმარისი რაოდენობა,“ -აღნიშნა კახა სოფრომაძემ.
მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არა აქვს ფუფუნება, რომ ტალანტები ეძებოს და რეალური სურათი არ გაითვალისწინოს. გვყავს ის მოსამართლეები, რა კანდიდატებიდანაც შეირჩა და გვაქვს ის სასამართლო, რა რესურსიც დღეს ქვეყანას აქვს. კახა სოფრომაძის აზრით, სასიამოვნო ფაქტია, რომ სასამართლო სისტემამ დაიწყო ფიქრი, როგორ უნდა განვითარდეს გრძელვადიანი კუთხით სასამართლო სისტემა. მისივე თქმით, ამისთვის შექმნილია დიდი სამუშაო ჯგუფი, მართლმსაჯულების სტრატეგიის შემმუშავებელი კომიტეტი, სადაც შედის თითქმის ყველა ძირითადი სამინისტრო, პრეზიდენტის, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სახალხო დამცველი. საბჭო მთელი შემადგენლობით ჩართულია ამ პროცესში და მიმდინარეობს მუშაობა სასამართლოს განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებაზე.
“ეს არ იქნება ადვილად მოსამზადებელი დოკუმენტი. უნდა იყოს გამოსავლის ძიება, სისტემის გასაუმჯობესებლად. ძალიან შრომატევადი პროცესია და სწრაფი ტემპით მიმდინარეობს მუშაობა, რათა ჩამოყრილი იქნას პრობლემები და ჩატარდეს მათი ანალიზი“,-განაცხადა კახა სოფრომაძემ.