„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თქვენ დაცული იყოთ სტიქიისგან“
სარფის სანაპირო ზოლის აღდგენითი სამუშაოები ზაფხულის სეზონის დაწყებამდე დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სტიქიისგან დაზიანებული სარფის სანაპირო ზოლის აღდგენითი სამუშაოების დათვალიერების დროს განაცხადა. როგორც “კვირას” პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, ირაკლი ღარიბაშვილი ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნო და განაცხადა, რომ სანაპირო ზოლის გამაგრება წელს ბათუმშიც დაიწყება. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა ნაპირსამაგრი სამუშაოების ხარისხიანად გაკეთების, ასევე მუშახელის კვალიფიციურობის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ მთავრობა აჭარაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ყველა პირობას შექმნის. “მთავრობამ ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის პირველ ეტაპზე 10 მილიონი ლარი გამოყო. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ არ გეშინოდეთ საკუთარ სახლებში ცხოვრების, დაცული იყოთ სტიქიისგან. აღდგენილი სანაპირო ზოლი თქვენ დაგიცავთ სტიქიისგან და მოსალოდნელი ზარალის რისკს მინიმუმამდე შეამცირებს”, – მიმართა პრემიერმა შეკრებილ მოსახლეობას.
ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივებს სანაპირო ზოლის გაუმჯობესებას და ქვიშის პლაჟის მოწყობასაც დაპირდა.