''მეზღვაურის პროფესია უფრო მეტად უნდა დაფასდეს“
”მეზღვაურის პროფესია უფრო მეტად უნდა დაფასდეს, უფრო მეტი პროფესიონალი, გამოცდილი მეზღვაური უნდა გვყავდეს და კიდევ უფრო უნდა მივუახლოვდეთ მსოფლიო სტანდარტებს”, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმის საზღვაო აკადემიაში სტუმრობისას გააკეთა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ სფეროს განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკურ წინსვლასა და გაძლიერებას. პრემიერმა საზღვაო აკადემიიის კურსდამთავრებულებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, ყველა ქართველ მეზღვაურს სასწავლებლის 75 წლის იუბილე მიულოცა და წარმატებები უსურვა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მეზღვაურობა მთელს მსოფლიოში საპატიო და საამაყო პროფესიაა, ქართველი მეზღვაურები კი პროფესიონალიზმით, საქმის სიყვარულითა და ერთგულებით გამოირჩევიან. „ძალიან საამაყოა, რომ ეს მარტო ჩვენთან კი არა, უცხოეთშიც იციან და აფასებენ ჩვენს მეზღვაურებს“, – განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ბათუმის საზღვაო აკადემიის სტრატეგიულ მნიშვნელობას და განაცხადა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა აკადემიას მუდმივი განვითარების საშუალება ჰქონდეს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა მოხსნა კითხვები ბათუმის საზღვაო აკადემიაში მიღებულ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით და აღიარა ჩვენი აკადემიის დიპლომი. 2013 წლის ნოემბერში ევროკავშირის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება და ქართველი მეზღვაურები ევროკავშირის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დაბრუნდნენ. ეს არის ნამდვილად დიდი წარმატება. საბედნიეროდ, ქართველ მეზღვაურებს აღარ მოუწევთ უდიდესი რისკის ფასად საეჭვო გემებზე არალეგალურად მუშაობა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმის საზღვაო აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას. პრემიერი ბათუმის საზღვაო აკადემიაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობასაც გაეცნო.