ქალთა მეხუთე დაწესებულებას გადაცემის – „ოთხი ოთხზე“ წამყვანები ესტუმრნენ
ქალთა მეხუთე დაწესებულებას ღამის შოუს სტუდიის გადაცემის – „ოთხი ოთხზე“ წამყვანები: ირაკლი კაკაბაძე, დავით ლაბაძე, ირაკლი ვახტანგიშვილი და გიორგი ჯანელიძე ესტუმრნენ. მსჯავრდებულებმა სპეციალურად სტუმრებისთვის საათნახევრიანი გადაცემის ანალოგი მოამზადეს. სასჯელაღსრულების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, საღამოს პირველი ნაწილი მხოლოდ მსჯავრდებულებმა წაიყვანეს, მეორე ნაწილში სტუმრების სტატუსით გადაცემის წამყვანები მონაწილეობდნენ. გადაცემის ფორმატის მიხედვით კი მესამე ნაწილში დამსწრე მსჯავრდებულები ჩაერთვნენ. მათ საშუალება ჰქონდათ სტუმრებისთვის ნებისმიერი კითხვა დაესვათ. მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ფარგლებში სხვადასხვა არხის გასართობი და შემეცნებითი გადაცემის წამყვანები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ხშირად სტუმრობენ და მსჯავრდებულებს ხვდებიან.
ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლები და დაწესებულების ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ.