შს მინისტრი მესტიაში სამაშველო ქვეგანყოფილების შენობას გახსნის
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დღეს მესტიაში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მე-5 ქვეგანყოფილებას გახსნის. შს სამინისტროს ცნობით, სამაშველო ქვეგანყოფილების შენობის მშენებლობა 6 თვის წინ დაიწყო. ერთსართულიანი შენობა თანამედროვე ავეჯითა და ტექნიკით არის აღჭურვილი. შენობაში სამაშველო პერსონალის სამუშაო კაბინეტი, მოსასვენებელი და აღჭურვილობის ოთახებია განთავსებული. მესტიის ქვეგანყოფილებაში რვა პროფესიონალი მთამსვლელი იმუშავებს, რომლებსაც სრული სამთო აღჭურვილობა, ფორმები და ავტოტრანსპორტი გადაეცემათ. ზამთრის პირობებში სამაშველო-საძიებო სამუშაოების უფრო ეფექტურად წარმოებისთვის ქვეგანყოფილებას ასევე ბურანი გადაეცემა.