შსს-სა და აეროპორტის თანამშრომლებმა ერთობლივი სიმულაციური სწავლება ჩაატარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის და სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომზე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო-უშიშროების დეპარტამენტის ინიციატივით, ერთობლივი გეგმიური სწავლება ჩაატარეს. ტრენინგში ,,საქართველოს ავიახაზების“, ავიასაწარმოების და აეროპორტის ოპერატიული კომპანია ,,ტავ ჯორჯიას“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სწავლებისას აეროპორტის საინფორმაციო სამსახურს გასაფრენად გამზადებულ თვითმფრინავში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ სიმულაციური ანონიმური ზარის საშუალებით ეცნობა, რის შედეგადაც დაიწყო სასწავლო განგაში. წინასწარ გაწერილი გეგმის შესაბამისად მოხდა აეროპორტის საავარიო-სამაშველო რაზმის, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამსახურის და შსს-ს სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის განაღმვის სამმართველოს თანამშრომლების მობილიზება. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თვითმფრინავიდან მგზავრების ევაკუაცია განახორციელეს, რის შემდეგაც თვითმფრინავი ლოკალიზებულ სადგომზე აეროპორტის საავარიო-სამაშველო ჯგუფმა გადაიყვანა. შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს და გაანეიტრალეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ტრენინგის მიზანს კრიზისულ სიტუაციებში შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრს, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტსა და აეროპორტის საავარიო-სამაშველო სამსახურებს შორის კოორდინირებული რეაგირების მექანიზმების გამოცდა და დემონსტრირება წარმოადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები