თათუხაშვილის საქმეზე დღეს პარლამენტში საგანგებო სხდომა გაიმართება
დღეს შალვა თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის საგანგებო სხდომა გაიმართება. სხდომას მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დაესწრება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განუცხადა. მისი თქმით, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურატურასთან შეთანხმებით, სხდომაზე ვიდეომასალის ჩვენებაც მოხდება ,,იმის დემონსტრირებისთვის, რომ მაქსიმალური საჯაროობა იქნას დაშვებული და იმის საჩვენებლად, რომ პროკურატურა არ არის ინსტიტუტი, რომელიც არ გრძნობს პასუხისმგებლობას, გაიმართება კომიტეტის სხდომა.
ბუნებრივია, პარლამენტს აქვს თავისი ფუნქცია, განახორციელოს საპარლამენტო კონტროლი ამ საქმესთან დაკავშირებით. ამის დემონსტრირებისთვის კომიტეტის სხდომაზე მოწვეულები არიან პროკურატურის წარმომადგენლები და საქმის მოსმენა მოხდება. კომიტეტი გეგმავს, რომ ნაჩვენები იქნას ის ვიდეომასალაც, რომელიც შეიძლება გასაჯაროვდეს და რომელზეც ასახულია მნიშვნელოვანი ფაქტები. ეს იქნება პასუხი იმ ბრალდებებზე, რომელიც ისმოდა მთელი ამ დღეების განმავლობაში”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.