გენერალ დუმბაძის მკვლელობაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

   მოსკოვის კუზნეცკის სასამართლომ გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობისთვის გასამართლებულ პირს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 52 წლის მსჯავრდებული, საქართველოს მოქალაქე გოჩა კვირიკაშვილი სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
სასამართლო პროცესს მოსკოვში დუმბაძის ოჯახის ახლობლები და რუსეთში მცოვრები ქართველები ესწრებოდნენ.
ბრალდებულმა გოჩა კვირიკაშვილმა ჩადენილი დანაშაული სასამართლოს წინაშე აღიარა.
შეგახსენებთ, რომ როგორც გამოძიებით დადგინდა მკვლელობის პირდაპირი შემსრულებელი 52 წლის საქართველოს მოქალაქე გოჩა კვირიკაშვილია, რომელმაც განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ქართველებისგან დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნა.
ბათუმის 25-ე ბრიგადის ყოფილი მეთაური, გენერალი რომან დუმბაძე მოსკოვში 2012 წლის 21 მაისს საკუთარ სახლთან ახლოს, მოტოციკლეტიდან დაცხრილეს. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რომან დუმბაძემ, უარი განაცხადა, დამორჩილებოდა ცენტრალურ ხელისუფლებას და ასლან აბაშიძის გვერდით დადგა. რომან დუმბაძე 2004 წელს საქართველოს უშიშროების სამსახურმა სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავა და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2010 წელს დუმბაძემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. აგვისტოს ომის შემდეგ, ქართულმა მხარემ ქართველი გენერალი რუსეთს 12 ქართველი ჯარისკაცის სანაცვლოდ გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები