სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღო
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღო და რამდენიმე მარკეტი დააჯარიმა. თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა ბელინსკის ქუჩაზე მდებარე ი/მ “მერაბი მალაღურაძის” სასურსათო მაღაზიიდან 20 კგ-მდე საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღეს.
რეალიზატორმა ვერ წარმოადგინა ვეტერინარული მოწმობა ფორმა #2, რის გამოც, სურსათის, ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 1000 ლარით. ამავე ობიექტში მზა კერძებს აწარმოებდნენ არასათანადო სანიტარიულ პირობებში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე მდებარე შპს “თურსას” სუპერმარკეტში თურქული წარმოების სხვადასხვა სახეობის პროდუქტი ქართული ეტიკეტის გარეშე იყო წარმოდგენილი, რის გამოც, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 741 მუხლის შესაბამისად, შპს “თურსა” 400 ლარით დაჯარიმდა. ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის 300 ლარით დაჯარიმდნენ ი/მ “გიორგი ჯანელიძე”და ი/მ “ვალერიანი პაპიაშვილი”.
სურსათის ეროვნული სააგენტო მეწარმეებს ახსენებს, რომ პირი, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებასთან, გადამუშავებასთან ან დისტრიბუციასთან, ასევე, პირველად წარმოებასთან, ვალდებულია დარეგისტრირდეს ბიზნესოპერატორად – კვების პროდუქტების მწარმოებელ-დისტრიბუტორ საწარმოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად.