რას ყვება ფსიქოლოგი – მაგდა პაპიძის ქცევა გულისხმობს, რომ საქმე გვაქვს არამდგრად ადამიანთან
მაგდა პაპიძის ქცევა ავტომატურად გულისხმობს, რომ საქმე გვაქვს არამდგრად ადამიანთან, ან სავსე ფიალასთან,- ამის შესახებ გაზეთ „პრაიმტაიმს“ ფსიქოლოგმა ნინა გოგოხიამ განუცხადა.
გამოცემის ინფორმაციით, გოგოხიას ორი წლის განმავლობაში ციხის საავადმყოფოში იმ პატიმრებთან უწევდა მუშაობა, რომლებიც სასჯელს სწორედ შვილის, ან მეუღლის მკვლელობისთვის იხდიდნენ.
გოგოხია გამოცემასთან საუბრისას განმარტავს, რომ შემთხვევათა უმრავლესობა სწორედ ტრავმულ გამოცდილებასა და წარსულში მათ ირგვლივ არსებულ ძალადობრივ გარემოს უკავშირდება. მისი თქმით, არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან დიდი ტრავმული გამოცდილება აქვთ, თუმცა მაინც ართმევენ თავს. ვიღაც არის მდგრადი, ვიღაც – არამდგრადი.
„წარმოიდგინეთ ფიალა, რომელიც ივსება. გარკვეულ მომენტში შესაძლოა, ერთი წვეთი იყოს საკმარისი იმისთვის, რომ ეს ფიალა გაივსოს და შენ მოიქცე, როგორც ცხოველი, ანუ განახორციელო იმპულსური ქცევა და ეს არ იყოს იმ ტრავმის საპირწონე, რაც შვილის მოკვლას გაიძულებდა. გარემოებებმა ნებისმიერი ადამიანი შეიძლება მიიყვანოს იმ დონემდე, რომ ეს ფიალა აივსოს. მაგდა პაპიძის ქცევა ავტომატურად გულისხმობს, რომ საქმე გვაქვს არამდგრად ადამიანთან. ფსიქოლოგიურად ეს ადამიანი მოწყვლადი რომ არ ყოფილიყო, არ განახორციელებდა ქცევას, სადაც დაზარალდებოდა თვითონ. იმის თქმა, რომ ვიღაც მკვლელად იბადება, არასწორია“, – განაცხადა ფსიქოლოგმა.
მისივე თქმით, მაგდა პაპიძე, როგორც დედა, თვითონ არის დაზარალებული.