ვარშავის სამიტის მოლოდინები და შესაძლო იმედგაცრუებები – როდის, თუ ახლა არა? რა ფასს იხდის საქართველო?

ყველამ კარგად ვიცით, რომ ვარშავის სამიტზე საქართველოს რაიმე განსაკუთრებული სტატუსის მიღება არ ელოდება. თუმცა, გვპირდებიან, რომ განსაკუთრებულად აღინიშნება ჩვენი დამსახურებები და ნატო-საქართველოს პარტნიორობა.

რა განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს საქართველოსთან მიმართებაში, მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის ეს სამიტი შესაძლოა მორიგი იმედგაცრუება აღმოჩნდეს, რაც ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის რისკის შემცველი იქნება.

ალბათ ამ განწყობების გასანეიტრალებლად დადებითი ეფექტი ექნება საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერის ვიზიტს და იმ გზავნილებს, რომლებსაც ის გააჟღერებს.

თუმცა, ევროსკეპტიკოსებისთვის არც სამიტზე გაჟღერებულ განსაკუთრებულ შეფასებებს, არც ჯონ ქერის ვიზიტს არსებითი მნიშვნელობა არ ექნება.

დიდი ხნით ადრე დაგეგმილ ვარშავის სამიტს წინ მოვლენების მთელმა კასკადმა გადაურბინა. გამოვყოფდი რამდენიმეს.

ყარაბაღში კონფლიქტის აქტიური ფაზის განახლება (რუსული მედია უკვე ოთხდღიან ომს ეძახის), რომელიც შესაძლო იყო დიდ ხანძრად გადაქცეულიყო, მთავარი მეხანძრის როლი კი რუსეთმა იკისრა, რითაც სხვა ქვეყნების (მათ შორის თურქეთის), ასევე ორგანიზაციების როლი საგრძნობლად დააკნინა.

მნიშვნელოვანია ე.წ. BREXIT-ი და მის შედეგად თვითონ ევროპაში ევროსკეპტიციზმის გაძლიერება. ბევრი ქვეყნის პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები მიესალმნენ ამ პროცესს. განსაკუთრებით საყურადღებოა ჩეხეთის პრეზიდენტის განცხადება, რომ შესაძლოა ჩეხეთშიც ჩატარდეს ანალოგიური რეფერენდუმი. სხვა პოლიტიკოსების განცხადებებს აღარ მოვიყვან.

ამ ფონზე მნიშვნელოვანი იყო ევრაზიული პროცესების გაძლიერება, კერძოდ შანხაის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის გამართვა. როგორც ცნობილი გახდა ორგანიზაციას შეუერთდნენ ინდოეთი და პაკისტანი, ხოლო სურვილი გამოთქვეს ირანმა და ავღანეთმა. ადრე ამ ორგანიზაციის წევრები გახლდნენ რუსეთი, ჩინეთი და პოსტსაბჭოთა შუააზიური სახელმწიფოები.

ნიშანდობლივი იყო რუსეთის პრეზიდენტის ფინეთში ვიზიტისას ფინეთის ლიდერის განცხადება მისალმებისას: „ევროპაში ბევრი რამ იცვლება, აქ კი ყველაფერი უცვლელია“.

სხვა ფაქტებს აღარ ჩამოვთვლი, რათა მკითხველი არ გადავღალო. ყველაფერი ეს კი იმის საჩვენებლად მოვიყვანე, რომ საქართველოს დროში გაწელილი ლტოლვა ნატოსკენ, მოსახლეობისთვის შესაძლოა დამღლელი მარათონი აღმოჩნდეს და დადგეს იმის საფრთხე, რომ ფინიშამდე ან საქართველო ვერ მივიდეს, ან მოსახლეობის დიდ ნაწილს აღარ მოუნდეს მოძრაობის გაგრძელება.

ამ პროცესში ძალიან ცუდ როლს თამაშობს ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეების შეუთანხმებლობა და შიდა საკითხების, პრობლემების, პოლიტიკური ბრძოლის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანა. გვავიწყდება ჭაბუა ამირეჯიბის გენიალური სიტყვები: ‘შენს სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ – შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ შენი ოჯახის სახეა და გარეთ – შენი ერის!”.

ჩვენ ვბაძავთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომელთათვისაც ჩვეულებრივი ამბავია საკუთარი ქვეყნების პრობლემების ერთად განხილვა. ის ერთი სივრცეა, ერთიანი კანონმდებლობა აქვთ. ისინი იქ არიან უკვე, ჩვენ კი აქ ვართ. ამ ჭკუით დიდხანს ვიქნებით.

ის, რომ აქამდე ნატო-ში ვერ გავწევრიანდით, რა თქმა უნდა, სხვა მიზეზების ბრალია. უბრალოდ ეს ერთ-ერთ ფაქტორად მოვიყვანე. როცა ვიცით, რომ ყველა ნეგატიურ ინფორმაციას შესაძლოა უარყოფითი გავლენა ჰქონდეს ნატოსთან ინტეგრაციაზე, ვიზალიბერალიზაციაზე და სხვა პროცესებზე, უნდა დავფიქრდეთ რა სჯობია.

საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესს სერიოზული დარტყმა მიაყენა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა და რუსეთის სამხედრო პოტენციალის, შესაბამისად მათი გეოპოლიტიკური ამბიციების შემდგომმა ზრდამ.

აგვისტოს ომის შემდეგ ჩვენც ისე ვაწვდით და დასავლეთიც ისე იღებდა, რომ საქართველოს ნატოში შესვლა უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ასე ვთქვათ ქოლგის ქვეშ თავის შეყოფის მიზნით სურს.

შემდეგ დასავლეთს გარკვეული საფასურიც კი შევთავაზეთ, სინდისზე ავაგდეთ და ავღანეთის მისიაში ერთ-ერთი უდიდესი კონტრიბუტორი გავხდით. დასავლეთმა ეს საფასური მიიღო, საპასუხო ნაბიჯის გადმოდგმას კი ფრთხილობს.

მართალია, დღეს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც ნატოში შესვლა უნდა, და ასეთები ჯერ კიდევ უმრავლესობაა, საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება ადარდებს, ნატოს წესდების მე-5 მუხლი ხიბლავს. მაგრამ ესაა დღეს.

მოდით ცოტა წარსულში დავბრუნდეთ და ისტორია გავიხსენოთ.

საქართველომ ნატოსკენ ლტოლვა ჯერ კიდევ 1998 წლიდან დაიწყო. კონკრეტულად თავდაცვის სამინისტროში გახსოვთ რა ცვლილებაც განხორციელდა, როცა პრორუსულად აღქმული თავდაცვის მინისტრი ვარდიკო ნადიბაიძე პროდასავლურმა დავით თევზაძემ ჩაანაცვლა.

1998 წელს რუსეთის ეკონომიკა სულს ღაფავდა და არათუ მსოფლიოს ვერ უქმნიდა პრობლემებს, საკუთარს ძლივს უმკლავდებოდა ჩეჩნეთის მეორე ომის შემდეგ.

ძალიან კარგად მახსოვს, როცა სასწავლო დაწესებულებიდან ვადაზე ადრე გამომიწვიეს, სასწრაფო წესით საჰაერო ძალების სარდლის მოადგილედ დამნიშნეს და ნატოს საჰაერო თავდაცვის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად გამგზავნეს. ეს ყველაფერი ერთი კვირის ვადაში მოხდა, 2000 წლის გაზაფხულზე.

იმ წლებში ნატოსთან თანამშრომლობას უსაფრთხოების ქოლგის მიღებაზე მეტად, საფუძლად ზუსტად რომ ფასეულობები დაედო.

მოკლედ, წარსულის მოგონებები ძალიან რომ არ გავაგრძელო, საქართველო ნატოს გზაზე ზუსტად 18 წელია დგას. ამ ხნის განმავლობაში ნატო საკმაოდ გაფართვდა, ჩვენ კი ისევ მოლოდინის მდგომარეობაში ვიმყოფებით.

მოსახლეობის გაღიზიანებას იწვევს, როცა წევრობაზე უარის მიზეზებად ათასი რამ სახელდება. ამ დროს, ეგოისტობაში ან ინტრიგანობაში ნუ ჩამოგვართმევენ, ისეთი ქვეყნები მიიღეს, რომლებიც არა მგონია, რომ ჩვენზე წინ არიან ან დემოკრატიის, ან არმიის რეფორმირების, ან ნატოსკენ ლტოლვის კუთხით.

ნათელი მაგალითი იყო სულ ბოლოს მონტენეგროს მიღება, რასაც ნახევარ მილიონიან ქვეყანაში ლამის ასიათასიანი მიტინგები და ძლიერი საპროტესტო ტალღა მოჰყვა. ჩემს გვერდზე კიდეც გამოვხატე ემოცია ამ ფაქტთან დაკავშირებით.

არ მინდა ჭრილობებს შევეხო, მაგრამ საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს წვლილი მართლაც დიდი და ფასდაუდებელია: ათობით დაღუპული, ასობით დაჭრილი ან დაშავებული. არაფერს ვამბობ დიდ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, რომელსაც ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები ასეთ მისიებში განიცდიან.

რაღამც მისიებს შევეხეთ, ავღანეთს გარდა გავიხსენებ კოსოვოს, ერაყს, სამხრეთ აფრიკას.

მინდა კიდევ რამდენიმე მომენტს შევეხო იმ კუთხით, თუ რა ფასს იხდის საქართველო დასავლეთთან თანამშრომლობაში.

პირველი, ზემოთ აღნიშნული ადამიანური ფასის გარდა, ესაა დიდძალი ფინანსური მონაწილეობა. როგორც იცით, საქართველოს ბიუჯეტს ჩვენი არმიის საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა ყოველწლიურად 145 მლნ უჯდება.

მეორე გახლავთ ძალიან დიდი ზიანი არმიის საბრძოლო მზადყოფნის და მისი ომისათვის მზადების კუთხით. თქვენ გახსოვთ აგვისტოს ომის შემდგომი განცხადებები, რომ ჩვენი არმია უფრო სამშვიდობო მისიებისთვის იყო მომზადებული. ახლაც, იმის გამო, რომ საკმაოდ დიდი კონტიგენტია მოწყვეტილი ქვეყანას, ხოლო ზუსტად ორჯერ მეტი ამ პროცესს ემსახურება, ანუ გარკვეული ნაწილი ისვენებს მივლინების შემდეგ, გარკვეული ნაწილი ემზადება მისიაში წასასვლელად, ეს რა თქმა უნდა, სერიოზულ ზეგავლენას ახდენს ჩვენს არმიაზე. კარგად მოგეხსენებათ, რომ ავღანეთში ჩვენი არმია ძირითადად დაკავებული ყბადაღებული საყარაულო სამსახურით, პერიოდულად კი პატრულირებით. ამ თემას მეტს არ ჩავშლი. თუ ვინმე არ მეთანხმება, მზად ვარ დისკუსიისთვის. უბრალოდ დავასკვნი, რომ გარდა მონაწილეობისა, თვითონ ასეთი დიდი მასის მოწყვეტა სხვა განზომილების საფასურს წარმოადგენს.

მესამე ესაა საფრთხეების ზრდა. რამდენადაც მეტად ვილტვით ნატოსკენ, რამდენადაც მეტად ვუახლოვდებით, მით მეტად იზრდება ჩვენი საგარეო საფრთხეები და რისკები. ამ საფრთხეების შესამცირებლად კეთდებოდა წინა სამიტებზე რუსეთის დამამშვიდებელი განცხადებები (ახლაც კეთდება), რომ ნატოს გაფართოება არ იგეგმება, კერძოდ საქართველოს ხარჯზე.

აი ეს საფასურებია, რომლებსაც საქართველო იღებს ნატოს გზაზე.

ახლა რას ვიღებთ ჩვენ?

რა თქმა უნდა ვიღებთ დიდ საერთაშორისო მხარდაჭერას (თუმცა 2008-ში ამან ვერ გვიშველა) და ვიღებთ დახმარებას ჩვენი არმიის რეფორმირების კუთხით.

მაგრამ ეს დახმარებები არაადეკვატურია იმ საფასურის, რაც მე ზემოთ აღვნიშნე და რაც ჩვენ შეგვიძლია მოვითხოვოთ.

კერძოდ, საქართველოს აქვს სრული უფლება ნატოს წამყვანი ქვეყნებისგან მოითხოვოს შეიარაღება და ტექნიკა. განსაკუთრებით ეს ეხება თავდაცვით შეიარაღებას: ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები, საჰაერო თავდაცვის ტექნიკა, გამანადგურებელი ავიაცია, სანაპირო დაცვის საშუალებები (მ.შ. საზღვაო ფლოტის არდგენა).

ამის ნაცვლად, ჩვენ უზარმაზარ კრედიტებს ვიღებთ საჰაერო თავდაცვის ტექნიკის შესაძენად. რატომ, როცა ჩვენს ყველაზე დიდ სტრატეგიულ პარტნიორს აქვს შესაძლებლობა დაგვეხმაროს? (ის, თუ როგორ უნდა მოვიხმაროთ დახმარება, თუ ასეთი განხორციელდა, ამაზე შემდგომში დავწერ).

და ბოლოს ევროსკეპტიკოსებს მივმართავ. ვიცი, სამიტს შემდეგ გაძლიერდება ტალღა, თუმცა ასეთი განცხადებები ახლაც კეთდება, რომ ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ ნეიტრალიტეტი, ან უარი ვთქვათ ნატოსკენ ლტოლვაზე და ა.შ.

ხალხნო, რით ვერ გამოიტანეთ გაკვეთილები? შევედით ერთხელ დსთ-ში პირობების წაყენების გარეშე. რა მივიღეთ? მივიღეთ კონფლიქტების გაყინვა. იგივე მოხდება ახლაც. ვინმე რამეს გვთხოვს ან გვთავაზობს?

რაიმეს თქმა უნდათ და ერიდებათ? თუ არ სურთ საქართველო ნატოში? ჩვენი პირობები იციან, მაგრამ მათ სხვაგვარად წარმოუდგენიათ.

აუცილებლად უნდა გავიხსენო ერთი ტელეხიდი, რომელიც მოსკოვთან მგონი 2006 წელს გაიმართა, როცა ემბარგო გამოგვიცხადეს. ბატონი მამუკა არეშიზე მონაწილეობდა როგორც მახსოვს და ეკითხება რუსეთის წამყვან პოლიტტექნოლოგებს: თუ საქართველო არ წავა ნატოსკენ რას მივიღებთო. თუ არ ვცდები ვ. ნიკონოვმა უპასუხა: თქვენს ბორჯომს და ღვინოს დავუშვებთ ბაზარზეო.

აი ესაა მათი გაგება და რას ვეტენებით? თქვან თუ რამ სურთ.

რაც შეეხება ნატოს, თუ უკეთეს დროს ელოდებიან, 2024 წლამდე მოგვიწევს ერთად ლოდინი და გავძლებთ?

ამირან სალუქვაძე
ბრიგადის გენერალი
ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში
5 ივლისი, 2016 წელი
ქ. თბილისი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები