პრემიერ-მინისტრი: ჯონ ქერის ვიზიტი წარმოადგენს საქართველოს მხარდაჭერას ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე

ჯონ ქერის ვიზიტი ნატოს ვარშავის სამიტის წინ, წარმოადგენს საქართველოს მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან, ჯონ ქერისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მოხარული ვართ, ვუმასპინძლოთ აშშ-ს სახელმწიფო მდივანს. ჩვენთვის უდიდესი პატივია საქართველოში მისი სტუმრობა და ძალიან ვაფასებთ პირადად მისი, აშშ-ს მთავრობისა და ამერიკელი ხალხის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის მიმართ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ამერიკის დამოუკიდებლობის დღე, რომელიც 2 დღის წინ გახლდათ და ჩვენ ერთად ვიზეიმეთ თბილისში“, -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე შეფასებით, აშშ-ს სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი საქართველოში არის მაღალი დონის აქტიური სტრატეგიული თანამშრომლობის და პარტნიორობის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება.
„სხდომაზე განვიხილეთ ჩვენი სტრატეგიული პატრნიორობის მნიშვნელოვანი საკითხები, შევაჯამეთ ქარტიის ფარგლებში მიმდინარე წელს ჩატარებული სამუშაო ჯგუფების საქმიანაობა, ეკონომიკის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, ასევე დემოკრატიის და მმართველობის მიმართულებით. დავსახეთ წლის ბოლომდე დაგეგმილი თავდაცვის და უსაფრთხოების, ასევე ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფების საქმიანობის პრიორიტეტები. დღევანდელმა ვიზიტმა კონკრეტული შედეგები მოიტანა, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით“, – განაცხადა პრემიერ-მინსიტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხელი მოეწერა მეტად მნიშვნელოვან დოკუმენტს – საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმს.
„მემორანდუმი ქმნის გაღრმავებული ურთიერთობის სრულიად ახალ ჩარჩოს და მოიცავს თანამშრომლობის იმ სფეროებს, რომლებიც კრიტიკულია საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისათვის. აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის ხელმოწერა, რომელიც გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობის „ფულ- ბრაიტის“ აკადემიური გაცვლითი პროგრამის გაფართოების მიმართულებით. აღნიშნულის შედეგად, უფრო მეტ ქართველ სტუდენტს და მკვლევარს შეეძლება, გახდეს პროგრამის სტიპენდიანტი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები