„სოციალ-დემოკრატები“ საქართველოს განვითარებისთვის“: გიგი წერეთლის არჩევა შეარყევს არჩევნების რეპუტაციას

“ევროპის სახალხო პარტიის” მიერ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატად „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის, გიგი წერეთელის წარდგენის გამო, „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ შეშფოთებას გამოხატავენ.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ წევრები მოუწოდებენ ასამბლეის მონაწილეებს, არ მისცენ ხმა წერეთლის სასარგებლოდ.
„ჩვენ, „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ ღრმა შეშფოთებას გამოვახატავთ “ევროპის სახალხო პარტიის” მიერ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატად „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის, გიგი წერეთელის წარდგენის გამო. საქართველომ დემოკრატიზაციისკენ ძალზე გრძელი და რთული გზა გაიარა. ამ გზაზე განსაკუთრებით დრამატული აღმოჩნდა მმართველობა „ნაციონალური მოძრაობისა“, რომელიც, სხვა მრავალ დანაშაულთა შორის, განუწყვეტლივ აყალბებდა არჩევნებს, უგულებელყოფდა კონსტიტუციასა და ხალხის ნებას. განვითარებისკენ სვლის პროცესში ეუთო ყოველთვის გვერდით გვედგა. მისი სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა წარმოადგენდა მნიშვნელოვან გზამკვლევს დემოკრატიული ძალებისათვის საარჩევნო პროცესის სამართლიანი შეფასებისა და საერთაშორისო თანამეგობრობისათვის ქართველი ხალხის ხმის მისაწვდენად. დღეს, როდესაც ქართველი ხალხის მყარი და ცალსახა გადაწყვეტილებით წინა რეჟიმის ავტორიტარული მმართველობა ისტორიის საკუთრებაა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ რეპუტაცია, განსაკუთრებით, არჩევნებთან დაკავშირებით უაღრესად დაბალია, გიგი წერეთლის არჩევა ესოდენ მაღალ პოზიციაზე ქართველ ხალხში გააჩენს უიმედობისა და უსამართლობის განცდას, დაბადებს ეჭვს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ობიექტურობასთან დაკავშირებით, საბოლოოდ, შეარყევს არჩევნების რეპუტაციას. ჩვენ მოვუწოდებთ ასამბლეის მონაწილეებს – არ ანდოთ ეუთოს ღირებულებები იმ პარტიის წარმომადგენელს, რომლის მთელი საქმიანობა განმსჭვალულია ადამიანის უფლებათა დარღვევით, არჩევნების გაყალბებით, დემოკრატიის, კონსტიტუციისა და ხალხის ნების უგულვებელყოფით“,-აღნიშნულია განცხადებაში.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს დღეს აირჩევენ. თანამდებობაზე სულ 3 კანდიდატურაა წარდგენილი, მათ შორის არის გიგი წერეთელიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები