მიხეილ ჯანელიძე მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარე დარკო პაიოვიჩს შეხვდა. პაიოვიჩი საქართველოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის ფარგლებში სტუმრობს.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მიხეილ ჯანელიძემ მონტენეგროს მიულოცა ნატო-ში გაწევრიანებაზე ოფიციალური მიწვევის მიღება. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ადასტურებს ალიანსის ღია კარის პოლიტიკის სანდოობას და დამატებით სტიმულს აძლევს საქართველოს ნატოსთან დაახლოებისკენ მიმართული ძალისხმევის გასაძლიერებლად. დარკო პაიოვიჩის განცხადებით, ნატოში გაწევრიანების შემდეგ, საქართველოს, მონტენეგროს სახით, ეყოლება კიდევ ერთი მტკიცე მხარდამჭერი ალიანსში.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საერთო მიზანი ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების კარგ საფუძველს ქმნის. ხაზი გაესვა ვაჭრობის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში თანამშრომლობის არსებულ პოტენციალს და მისი გამოყენების აუცილებლობას.
მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა დარკო პაიოვიჩს მონტენეგროს მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოსა და მონტენეგროში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის გააქტიურდება თანამშრომლობა და გაიზრდება მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის დინამიკა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები