გიორგი მარგველაშვილი: ჩვენს ქვეყანაში აღარ იარსებებს გამყოფი ხაზები და ოკუპირებული ტერიტორიები

ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტი ეუთო-ს საპარლამენტო დელეგაციას მასპინძლობს. საზეიმო ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები.
გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს როლზე მსოფლიო მასშტაბით და მის ჩართულობაზე ისაუბრა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ჩვენს ქვეყანაში აღარ იარსებებს გამყოფი ხაზები და ოკუპირებული ტერიტორიები. ასევე აღარ განხორციელდება ეთნიკური წმენდა.
„ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი სიმტკიცეა და ამიტომაც ეუთოს ფორუმი, როგორც დიალოგი მოლაპარაკებებისა და თანამშრომლობის განსაკუთრებული ფორმატი, ბუნებრივად ერწყმის თბილისს და საქართველოს. საერთო ღირებულებები და საერთო ინტერესები ისაა, რამაც სხვადასხვა კონტიტენტის წარმომადგენლები გაგვაერთიანა.
მჯერა, რომ ურთიერთთანამშრომლობის შედეგად შევძლებთ მშვიდობის უზრუნველყოფას და ჩვენს ქვეყანაში აღარ იარსებებს გამყოფი ხაზები, ოკუპირებული ტერიტორიები და აღარასდროს განხორციელდება ეთნიკური წმენდა. მოსახლეობა აღარ იქნება შეზღუდული საკუთარ ქვეყანაში თავისუფალ გადაადგილებაში. სხვა ქვეყნის ინტერესების შელახვა და მისი მოსახლეობის დევნით კეთილდღეობა ვერ მიიღწევა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო კვლავაც აქტიურად იქნება ჩართული ყველა იმ პროცესში, რომელიც მნიშვნელოვანია საერთაშორისო უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის. მისივე თქმით, საქართველოს როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით.
„მიუხედავად გარკვეული დარღვეული ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპაციისა, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ ევროპასა და აზიას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სატრანსპორტო გაძლიერებისათვის. ბოლო 5 წლის წინ საქართველომ მტკიცედ განაცხადა, რომ იქნება დამოუკიდებელი ევროპული ქვეყანა. ამ კუთხით მინდა აღვნიშნო მომავალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც განსაკუთრებული ეტაპია საქართველოსთვის.
მან კიდევ ერთხელ უნდა განამტკიცოს დემოკრატია და სახელმწიფოებრიობა საქართველოსი. დარწმუნებული ვარ, რომ ეუთო-ს ასამბლეა აქტიურად იქნება ჩართული ამ პროცესში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები